უკრაინის ხელისუფლებამ დასრულებულად გამოაცხადა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელიც 7 მარტიდან მიმდინარეობდა ქალაქ ხარკოვში, რუსეთის ჯარების სარაკეტო შეტევისას განადგურებული 5-სართულიანი სახლის ნანგრევებში.
ოპერაციის დასრულების შესახებ დღეს, 9 მარტს განაცხადეს ხარკოვის მერმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა. 9 მარტი ხარკოვში გლოვის დღედაა გამოცხადებული.
ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ტელეგრამ-არხზე 9 მარტს, დღისით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსული რაკეტით განადგურებული სახლის ნანგრევებში ნაპოვნი ცხედრების და ცხედართა ფრაგმენტების მიხედვით, დაღუპულია სავარაუდოდ, 11 ადამიანი. საბოლოო პასუხი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ტელეგრამზე გამოქვეყნებული ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდის შემდეგაც დაკარგულად ითვლება 4 ადამიანი.
გასული ღამის განმავლობაში და დილით რუსეთის ჯარები უკრაინას ისევ უტევდნენ რაკეტებით და დრონებით. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ 9 მარტს დილით განაცხადა, რომ მოწინააღმდეგემ გამოიყენა 197 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ბალისტიკური რაკეტა. სარდლობის თანახმად, ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 161 რუსული დრონის მოგერიება და 2 რაკეტითა და 36 დრონით პირდაპირი დარტყმა რვა ადგილზე.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე მორიგი დარტყმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა ხარკოვის, სუმის და ჩერნიგოვის ოლქებს. სხვა რეგიონებში ისევ ენერგომომარაგების გრაფიკი მოქმედებს.
რუსული დრონებით შეტევის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა ქალაქ ხერსონში. ამის შესახებ ტელეგრამით იუწყება ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია.
უკრაინის ენერგეტიკაზე მორიგი შეტევის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაარტყეს „ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უზრუნველყოფენ“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დილით იმასაც იუწყებოდა, რომ ღამის განმავლობაში მოიგერიეს 163 უკრაინული დრონი, მათგან ყველაზე მეტი, 54 - ბრიანსკის ოლქში. რუსეთის ამ რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, „დაშავებულები არ არიან, ნგრევა არ არის“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
ფორუმი