Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორბანმა ევროკავშირს მოუწოდა, შეაჩეროს სანქციები რუსეთის ენერგომატარებლებზე

ვიქტორ ორბანი. ბრიუსელი, 18 დეკემბერი, 2025.
ვიქტორ ორბანი. ბრიუსელი, 18 დეკემბერი, 2025.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპის კავშირს მოუწოდა, შეაჩეროს რუსეთის ენერგეტიკის მიმართ სანქციები. მან მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო მაშინ, როცა ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებამდე ხუთი კვირა რჩება.

ნავთობის ფასების ზრდას, რაც ირანში ომითაა გამოწვეული, შედეგად მოჰყვა უნგრეთში დიზელის საწვავისა და ბენზინის ფასების ზრდა, რაც, როგორც Reuters-ი შენიშნავს, აღრმავებს პრობლემებს, რომელთა წინაშეც დგას ორბანის მთავრობა საპარლამენტო არჩევნების წინ. ორბანი, რომელიც 16 წლის განმავლობაშია ხელისუფლებაში, პოზიციების შენარჩუნებისთვის იბრძვის.

„უკრაინის სანავთობო ბლოკადა და ახლო აღმოსავლეში მიმდინარე ომი ფასების ზრდას იწვევს. ევროპამ სიმართლეს თვალებში უნდა შეხედოს: აუცილებლად უნდა გავაუქმოთ ყველა სანქცია რუსეთის ენერგეტიკაზე,“ დაწერა ორბანმა სოცქსელ X-ში.

ორშაბათს ბარელი ნავთობის ფასმა 120 დოლარს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი ფასია 2022 წლის შუა პერიოდის შემდეგ.

უნგრეთს დამატებით პრობლემას უქმნის ის გარემოება, რომ იანვრის ბოლოდან შეწყდა რუსეთიდან უკრაინის გავლით მისთვის ნავთობის მიწოდება ნავთობსადენ „დრუჟბით“. კიევი ირწმუნება, რომ მილსადენი რუსეთის იერიშების შედეგად დაზიანდა. ნავთობის ტრანსპორტირების შეჩერებამ პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვია კიევის ურთიერთობებში უნგრეთთან და სლოვაკეთთან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG