ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა პროსახელისუფლებო "ტვ იმედის" შეკითხვას ცხრა ოპოზიციური პარტიის ალიანსთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ „არსებული ინფორმაციით, ისინი არჩევნებში 5 ნომრის ქვეშ, საერთო პარტიაში, საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებშიც“.
ირაკლი კობახიძის თანახმად, ეს პარტიები "ნაცმოძრაობის" წიაღიდან წარმოშობილი" არიან.
"ერთადერთი, რასაც გამოიწვევს ჩვენთვის, არის ის, რომ მოგვიწევს იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, დაგვჭირდება პარტიების დასახელების შეცვლა, გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული", - თქვა კობახიძემ დღეს, 9 მარტს, ორბელიანების სასახლეში ქართველი ფიგურული მოციგურავეების ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში.
მისი სიტყვებით, "შეიძლება შეივსოს ეს სია" და "საკონსტიტუციო სარჩელში შეიძლება ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს". "ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
"რეალურად ორი პარტია, რაც იყო წარდგენილი სარჩელში, არსებითად იმ ორ პარტიას იმეორებს ეს ახალი ე.წ. ერთობა. „თავისუფლების მოედანიც“ მთლიანად "ნაცმოძრაობის" წიაღიდან შექმნილი პარტიაა. ყველა 2012 წლამდეც იყო დაკავშირებული "ნაცმოძრაობასთან", 2012 წლის შემდეგაც კონკრეტულად "ნაცმოძრაობასთან" ან რადიკალურ ოპოზიციასთან არიან დაკავშირებული, თავმჯდომარით დაწყებული და ყველა ლიდერით დამთავრებული", - თქვა ირაკლი კობახიძემ და დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რომელიც "თავისუფლების მოედნის" თავმჯდომარეს, ლევან ცუცქირიძეს, შეეხებოდა, თქვა, რომ მან "მიიღო მონაწილეობა არჩევნების გაყალბებაში თავის დროზე, 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბების პროცესში. ამის შემდეგ მისი საუბარი მოკლებულია დამაჯერებლობას".
"ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელი
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით გასული წლის 31 ოქტომბერს მიმართა. ხელისუფლებაში მყოფი პარტია ითხოვს, აიკრძალოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან სამი:
- „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“;
- „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“;
- „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ეს პარტიები პოლიტიკურ პროცესებში - „არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში“ - იყვნენ ჩართული და „წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ“.
სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ ამ სამ პარტიასთან „მჭიდროდ დაკავშირებულია“ კიდევ 10 პარტია, რომლებსაც „ოცნება“ უწოდებს „ფიქტიურ, ერთკაციან და მცირე პარტიებს“.
ესენი არიან:
- ელენე ხოშტარიას „დროა“;
- ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი − მეტი თავისუფლება“;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“;
- „ევროპული საქართველო“;
- „ფედერალისტები“;
- „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“.
„თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“, - წერია სარჩელში.
ცხრა ოპოზიციური პარტიის ალიანსი
2 მარტს ოპოზიციურმა პარტიებმა („კოალიცია ცვლილებისთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების მოედანი“) ალიანსი შექმნეს, რაც, მათი განმარტებით, სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე შეთანხმებას გულისხმობს.
რა პრინციპებზე შეთანხმდნენ
ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ სამ პრინციპზე:
- „ერთობა ერთფეროვნების გარეშე“ - „ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე“;
- „დემოკრატიული ალტერნატივა“ - გადაწყვეტილებები მიიღება „მონაწილეების თანასწორობის პრინციპითა“ და „გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვით“;
- „პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი“ - მიზანია „დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლების“ ჩამოყალიბება, რომელიც „გაატარებს აუცილებელ რეფორმებს“.
„ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“, - წერია ერთობლივ განცხადებაში.
რეაქციები კობახიძის განცხადებაზე
"ჩვენთვის ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ნიშნავს ყველას აკრძალვას. ეს ნიშნავს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუქმების მცდელობას", - უპასუხეს ალიანსის სახელით რადიო თავისუფლებას, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე საპასუხოდ.
"ხოლო საერთო სიაზე და საარჩევნო კონფიგურაციაზე საუბარი სრულიად აზრს მოკლებული და არარელევანტურია მოცემულ ვითარებაში, რადგან ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოსაპოვებელია. არჩევნების მოპოვების შემდეგ ვიმოქმედებთ ერთად ისე, როგორც დასჭირდება ჩვენს გამარჯვებას, როგორც ეს წერია ალიანსის საერთო შეთანხმებაში", - აცხადებენ ალიანსში.
"თავისუფლების მოედნის" გენერალური მდივნის, ბაკურ კვაშილავას განცხადებით, ირაკლი კობახიძემ მათ პარტიასთან დაკავშირებით თქვა "მტკნარი სიცრუე", რომელიც "იმდენად ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" მოუწევს უკან დახევა და აბსურდული, ყურით მოთრეული ბრალდებების და ჭორაობის უკან წაღება", აქედან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ გამორიცხულია "თავისუფლების მოედანს" რაიმენაირად შეეხოს სარჩელი, თუკი სამართლებრივ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე".
განახლება:
მოგვიანებით, სოციალურ ქსელში პოსტით უპასუხა ირაკლი კობახიძეს "თავისუფლების მოედნის" თავმჯდომარემ ლევნა ცუცქირიძემ ,მან კობახიძის განცხადებას, თითქოს 2008 წლის არჩევნების გაყალბებაში მონაწილება უწოდა "აბსოლუტური სიცრუე და პოლიტიკური პროპაგანდა".
"სიმართლე კი ძალიან უხერხულია თავად „ქართული ოცნებისთვის“:
რატომ მთხოვა რამდენიმე წლის წინ პირადად შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის შესარჩევ კომისიაში მონაწილეობა?
რატომ მიხდიდა „ოცნება“ მადლობას მაშინ, როცა ჩემი ორგანიზაცია მათ და სხვა პარტიებსაც ინსტიტუციურ გაძლიერებასა და შიდადემოკრატიული პროცესების განვითარებაში ეხმარებოდა?
პასუხი მარტივია: მათთვის „პროფესიონალი“ ხარ მაშინ, როცა ეხმარები, და „მტერი“ ხდები იმ წუთიდან, როგორც კი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ალტერნატივას ქმნი. მათ არაფერი აქვთ სათქმელი მომავალზე, ამიტომაც იქექებიან წარსულის აჩრდილებში იმის მიუხედავად, რომ იქ მათთვის ხელმოსაჭიდი არაფერია. ჩემს ბიოგრაფიაში კითხვის ნიშნები არ არსებობს - არსებობს მხოლოდ პროფესიული გზა, რომელიც ყოველთვის გამჭვირვალე იყო", - წერს ლევან ცუცქირიძე ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში და ირაკლი კობახიძეს თანასწორ საჯარო დებატებში იწვევს "- შევხვდებით საჯარო დებატებში - თუ, რა თქმა უნდა, კაბინეტიდან ხალხში გამოსვლის არ გეშინიათ" - წერს ის.
მანამდე ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
"ტერორი საქართველოში ყოველდღე ახალ ნაბიჯს დგამს. პრემიერ-მინისტრი კობახიძე აანონსებს ახალ კანონებს, რომლებიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ავრცელებს ახალშექმნილ პოლიტიკურ პარტიებზე. მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებები გრძელდება... არ იქნება სამართალი - არ იქნება მშვიდობა!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ფორუმი