"ყველაზე მეტი გამანადგურებელი, ყველაზე მეტი ბომბდამშენი, ყველაზე მეტი დარტყმა, უფრო დახვეწილი და ყველაზე გაუმჯობესებული სადაზვერვო მონაცემები" - თქვა ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თავად ირანმა ომის დაწყების შემდეგ რაკეტები ყველაზე მცირე რაოდენობით გაუშვა.
გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელობის თავმჯდომარემ, დენ კეინმა ჰეგსეთთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თავის მხრივ თქვა, რომ ირანის მხრიდან რაკეტების გაშვების მაჩვენებელი 90 პროცენტით შემცირდა, დრონებით განხორციელებული თავდასხმების მაჩვენებელი შემცირდა 83 პროცენტით. კეინის თქმით, აშშ-მა საბრძოლო მოქმედებების პირველი 10 დღის განმავლობაში დარტყმები განახორციელა 5000-ზე მეტ სამიზნეზე, მათ შორის 50-ზე მეტ გემზე.
ჰეგსეთმა დასძინა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერისთვის, მოჯთაბა ხამენეისთვის კეთილგონივრული იქნებოდა დაუჯეროს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას და არ გააგრძელოს ატომური იარაღის შემუშავება.
კითხვას იმ ზომების შესახებ, რომლებსაც პენტაგონი გაატარებს სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმალიზაციის მიზნით, ჰეგსეთმა უპასუხა, რომ ვაშინგტონი იძიებს ყველა ცნობას, რომლებიც შემოწმებას საჭიროებს. ჰეგსეთი აცხადებს, რომ აშშ ყველა სხვა ქვეყანაზე მეტად იჩენს სიფრთხილეს სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრს (პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ამ უწყებას ასევე უწოდებენ ომის სამინისტროს) კითხვა დაუსვეს ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ წარმოებული საომარი ოპერაციის დასრულების შესაძლო ვადებზეც. პასუხად მან თქვა, რომ ომი არ იქნება უსასრულო და მხოლოდ ტრამპს შეუძლია გადაწყვიტოს კამპანია რამდენ ხანს გასტანს.
ერთი დღით ადრე ტრამპი აცხადებდა, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი ოპერაცია "ძალიან მალე" დასრულდება.
აშშ და ისრაელი ირანზე 28 თებერვლიდან ახორციელებენ დარტყმებს. თეირანი, პასუხად, იერიშებს აწარმოებს ისრაელის და სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზების წინააღმდეგ.
საომარი ოპერაციის მიზნებზე ლაპარაკისას დონალდ ტრამპმა ახსენა აუცილებლობა "აღმოფხვრილ იქნეს უშუალო საფრთხეები" ირანის მხრიდან, კერძოდ ირანის სარაკეტო არსენალი. ტრამპი ირანის რეჟიმს ახასიათებს როგორც "ძალიან სასტიკი და საშინელი ადამიანების სასტიკ ჯგუფს".
აშშ იძიებს ცნობებს იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი დარტყმის შედეგად ირანის ქალაქ მინაბში დაინგრა გოგონათა სკოლა - რასაც, ირანის მონაცემებით, სულ მცირე 168 ბავშვი ემსხვერპლა.
ფორუმი