ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს“. უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, უწყებამ მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდა:
„დაუყოვნებლივ დატოვეთ ღია ადგილი. მინიმუმ 100 მეტრით დაშორდით უახლოეს შენობას ან ხეებს. ნუ გაჩერდებით საფრენი აპარატის პირდაპირი ხედვის არეალში. საფრთხის შესახებ გააფრთხილეთ გარშემო მყოფები. ნუ ეცდებით აპარატის ჩამოგდებას იმპროვიზებული საშუალებებით და არ მიეკაროთ ნამსხვრევებს - ისინი შესაძლოა დანაღმული იყოს ან შეიცავდეს რადიოაქტიურ ნივთიერებებს“, - აღნიშნულია სააგენტო „აფსნიპრესის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგვიანებით, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ რეჟიმის მოხსნისა და საფრთხის ჩავლის შესახებ ცნობა გაავრცელა. სოციალურ ქსელებში წერდნენ დრონების გადაფრენაზე გაგრასა და სოფელ აბგარხუკში.
„ჯერაც შოკში ვარ - ბავშვთან ერთად მივდიოდი, ახლოს ჩაგვიფრინა“, - ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს ციტირებს ტელეგრამ-არხი.
დაუდასტურებელი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატი გაგრაში ჩამოვარდა. დე ფაქტო უწყებებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დრონებზე ილაპარაკა ოჩამჩირეში გამართულ შეხვედრაზე. მან თქვა, რომ არ აპირებს მოსახლეობაში პანიკის დათესვას, რადგან თავდაცვისთვის ყველაფერი კეთდება გეგმურად და სისტემურად - „რუსეთთან კოორდინირებული მოქმედებებისა და რეგულარული წვრთნების“ წყალობით.
გუნბამ აგრეთვე აღნიშნა, რომ 30 წლის წინანდელი უსაფრთხოების საკითხები დღესაც უცვლელად აქტუალურია და გამოხატა შეშფოთება იმით, რომ „საქართველო, რომელიც იღებს მხარდაჭერას, მათ შორის - სამხედროს, უცხო სახელმწიფოებისგან, არ აპირებს რევანშისტულ განწყობებზე უარის თქმას“.
„ეს ქმნის პოტენციურ საფრთხეებს, რომლებისთვისაც საჭიროა მზადყოფნა. 1993 წელს გავიმარჯვეთ ქვეყანაზე, რომლის მოსახლეობა 5 მილიონია, მაგრამ დღეს ომის წარმოების მეთოდები არსებითად შეიცვალა და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ბადრა გუნბამ.
4-5 მარტს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატების „მასირებულ ფრენაზე“. დე ფაქტო თავდაცვის უწყებაში აცხადებდნენ, რომ აფხაზეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 30 დრონი დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობა ჩამოაგდეს. 5 მარტს სოხუმში დე ფაქტო უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების მიერ „საჰაერო სივრცის დარღვევას“ მიეძღვნა. საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამ განაცხადა, რომ დრონების „წარმომავლობის განსაზღვრა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, საჭირო იქნება დამატებითი დრო მათი სახეობისა და მიზნების შესასწავლად“.
ფორუმი