Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანის თქმით, ევროპარლამენტში საქართველოზე საუბარი მისთვის თბილისს არ უთხოვია

ნიკოლ ფაშინიანი. 12 მარტი, 2026 წელი
ნიკოლ ფაშინიანი. 12 მარტი, 2026 წელი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ განცხადების გაკეთებასთან დაკავშირებით მას საქართველოს მხრიდან არავითარი თხოვნა და მოწოდება არ მიუღია. ამის თაობაზე ფაშინიანმა ერევანში მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად.

11 მარტს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთის უდიდესი დაბრკოლება ევროინტეგრაციის გზაზე არის ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების „გაყინვა“.

ფაშინიანს ჰკითხეს, იყო თუ არა ქართული მხრიდან თხოვნა, ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობა?

რაზეც მან უპასუხა, რომ „ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა“.

„თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომელზეც ვმუშაობთ. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჩემი წუხილი გამოვთქვი, რადგან ჩვენ ნამდვილად შეშფოთებული ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით. ეს გვაშფოთებს“, - თქვა ფაშინიანმა.

კიდევ რა თქვა ფაშინიანმა ევროპარლამენტში

სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ საქართველო მათთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა.

"ჩვენ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა“, - თქვა ფაშინიანმა.

„ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა“, - განაცხადა მან და დასძინა:

„ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, ისევე როგორც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“.

ნიკოლ ფაშინიანი მარტის დასაწყისში თავისი მთავრობის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.

ერთობლივ ბრიფინგზე ლიდერებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კეთილმეზობლური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, რეგიონში ქვეყნების გარშემო შექმნილი „რთული ვითარების“ ფონზე.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა ფაშინიანმა 4 მარტს.

11 მარტს კი, ევროპარლამენტის წინაშე მან ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს, „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის მხარდაჭერისათვის და, უფრო ფართოდ, სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისათვის“.

სომხეთი, საქართველო და ევროკავშირი

  • სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებებიდან ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის ნოემბერში, ბრიუსელმა ერევანს ოფიციალურად გადასცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP), - ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომლებიც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე სომხეთმა უნდა დააკმაყოფილოს.
  • 2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას მოუწოდა, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე;
  • რაც შეეხება საქართველოს - 2024 წლიდან შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი, ევროკავშირის მხრიდან სამთავრობო ფინანსური დახმარება და „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები;
  • ამის მიზეზია ბრიუსელის მიერ ანტიდემოკრატიულად მიჩნეული კანონებისა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში სერიოზულ უკუსვლად შეფასებული ვითარება;
  • 2026 წლის 6 მარტიდან საბოლოოდ შევიდა ძალაში ევროკომისიის 2024 წლის გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG