Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი დათანხმდა დაპატიმრებული ნაღდი ფულის გადაზიდვის მანქანების კიევისთვის გადაცემას

უნგრეთის მთავრობის მიერ 2026 წლის 6 მარტს ბუდაპეშტში, უნგრეთში, გამოქვეყნებულ ამ ფოტოზე, სავარაუდოდ, ნაჩვენებია ფული და ოქროს ზოდები, რომლებიც ამოიღეს ორი დაჯავშნილი მანქანიდან, რომლებითაც უკრაინელებს გადაჰქონდათ 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და ცხრა კილოგრამი ოქრო.
უნგრეთის მთავრობის მიერ 2026 წლის 6 მარტს ბუდაპეშტში, უნგრეთში, გამოქვეყნებულ ამ ფოტოზე, სავარაუდოდ, ნაჩვენებია ფული და ოქროს ზოდები, რომლებიც ამოიღეს ორი დაჯავშნილი მანქანიდან, რომლებითაც უკრაინელებს გადაჰქონდათ 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და ცხრა კილოგრამი ოქრო.

ბუდაპეშტი დათანხმდა, რომ ინკასატორების - ნაღდი ფულის გადამტანების - ორივე დაპატიმრებული მანქანა უკრაინის სახელმწიფო ბანკს, „ოშჩადბანკს“ გადასცეს, თუმცა ნაღდი ფული და ოქრო, რომელიც ამ მანქანებით გადაჰქონდათ, უნგრეთში დარჩება.

ამის შესახებ ინფორმაცია 12 მარტს გაზეთმა „ევროპეისკაია პრავდამ“ გაავრცელა, საქმის ვითარებაზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით.

უნგრეთის ეროვნული საგადასახადო და საბაჟო სამსახურის გამომძიებლებმა, რომლებსაც მთავრობამ ფორმალური გამოძიების ჩატარება დაავალა, განაცხადეს, რომ აპირებენ, მანქანები უკრაინული მხარის ადვოკატებს გადასცენ. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ არ აქვს ინფორმაცია მანქანების მდგომარეობის შესახებ.

გამოცემის ცნობით, ის ფაქტი, რომ ფული და ოქრო უნგრეთში დარჩება, შეესაბამება იმ ცვლილებებს ადგილობრივ კანონმდებლობაში, რომლებიც ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაამტკიცა ამ კვირაში, რათა შეექმნა სახსრების კონფისკაციის სამართლებრივი საფუძველი.

5 მარტს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, უნგრეთში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე დააკავეს შვიდი უკრაინელი ინკასატორი, რომლებიც ვენიდან უკრაინაში 40 მილიონი დოლარის, 35 მილიონი ევროს და ცხრა კილოგრამი ოქროს გადატანას ცდილობდნენ. ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მოგვიანებით ინკასატორები გაათავისუფლეს და უკრაინაში გადაიყვანეს.

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო უნგრეთის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეებისა და „ოშჩადბანკის“ სამსახურებრივი მანქანის გატაცების ფაქტზე.

9 მარტს უნგრეთის ელჩი უკრაინაში, ანტალ გეიზერი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მასთან პროტესტი გამოთქვეს მძევლებისა და ძვირფასი ნივთების დაკავების გამო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული ბანკის საინკასაციო კოლონის დაკავებას ბანდიტიზმის აქტი უწოდა.

კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობები უკვე დიდი ხანია დაძაბულია, მათ შორის იმის ფონზე, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც მჭიდრო კონტაქტებს ინარჩუნებს მოსკოვთან, არაერთხელ თქვა უარი უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის საკვანძო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო შეჭრას უკავშირდება.

დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ უნგრეთს რუსული ენერგორესურსების მიწოდება შეუწყვიტა ნავთობსადენ „დრუჟბის“ გავლით. უკრაინა აცხადებს, რომ მილსადენი რუსული დარტყმების შედეგად დაზიანდა. ბუდაპეშტი დარწმუნებულია, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა პოლიტიკური მიზეზებით მოხდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG