Marine Traffic-ის ცნობით, გემი ამჟამად ბალტიის ზღვაშია გაჩერებული. ის ბრაზილიის ქალაქ სანტოსის პორტიდან გავიდა 15 თებერვალს და 15 მარტს რუსეთის ქალაქ პრიმორსკის პორტში უნდა ჩასულიყო. ტანკერი კომორის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს.
შვედეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ Sea Owl I არ არის რეგისტრირებული მათ გემების რეესტრში, ექვემდებარება ევროკავშირის სანქციებს და ცრუ დროშით მოძრაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მისი უსაფრთხოების გარანტირება. დაიწყო წინასწარი გამოძიება გემის საზღვაო ვარგისიანობასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო.
„ბორტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის რისკი მაღალია. ამის საფუძველზე, გემს არ შეიძლება მიეცეს მშვიდობიანი გავლის უფლება. საზღვაო უსაფრთხოებისა და გარემოსთვის საფრთხე ძალზე მაღალია. ამიტომ, არსებობს ჩარევის საფუძველი“, განაცხადა სანაპირო დაცვის ოპერაციების უფროსის მოადგილემ, დანიელ სტენლინგმა.
გემის დაკავების შემდეგ შვედეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლები ავიდნენ მასზე ჩხრეკისა და დაკითხვისთვის.
შვედეთის ხელისუფლების ცნობით, 2007 წელს აშენებული ტანკერ Sea Owl I-ს ბოლო წლებში რუსეთსა და ბრაზილიას შორის გადაჰქონდა ნავთობპროდუქტები.
გასულ კვირაში შვედეთმა დააკავა სატვირთო გემი Caffa, რომელიც კასაბლანკიდან სანქტ-პეტერბურგში მიემართებოდა. გემი გვინეის დროშის ქვეშ დაცურავდა, მაგრამ შვედეთის ხელისუფლება მას მიიჩნევს „გემად მოქალაქეობის გარეშე“. Caffa-ს კაპიტანი, რუსეთის მოქალაქე, ეჭვმიტანილია ყალბი საზღვაო სერტიფიკატების გამოყენებაში, საზღვაო კანონმდებლობისა და გემების უსაფრთხოების შესახებ კანონის დარღვევაში.
ფორუმი