Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობს სანქციები დროებით მოუხსნა

რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილად მიჩნეული, ბელგიის მიერ დაკავებული ტანკერი Ethera. 2026 წლის 1 მარტი
რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილად მიჩნეული, ბელგიის მიერ დაკავებული ტანკერი Ethera. 2026 წლის 1 მარტი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთი თვით გააუქმა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. რუსეთი, რომელსაც დასავლეთის სახელმწიფოებმა ნავთობით ვაჭრობა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო შეუზღუდეს, კმაყოფილია.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსული ნავთობისთვის სანქციების დროებით მოხსნის გადაწყვეტილება დაუკავშირა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე დარღვეული სტაბილიზაციის აღდგენის საჭიროებას.

რას მოუხსნეს სანქციები, რატომ და როდემდე

შეზღუდვის დროებით მოხსნა ვრცელდება რუსული ნავთობით დატვირთულ და უკვე ზღვაში მყოფ ნებისმიერ ტანკერზე.

გადაწყვეტილება 12 მარტს გამოქვეყნდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საიტზე.

ლიცენზია გაცემულია იმ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისთვის, რომლებიც 12 მარტის მდგომარეობით უკვე ტანკერებზეა ჩატვირთული. მათი შეძენა ნებადართულია 11 აპრილამდე.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მიმართავს ზომებს მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და მუშაობს დაბალი ფასების შესანარჩუნებლად მაშინ, როცა აშშ ებრძვის „ირანის ტერორისტული რეჟიმისგან“ მომდინარე საფრთხეს და არასტაბილურობას.

ბესენტის თანახმად, მიწოდების გლობალური მოცვის გასაზრდელად აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ქვეყნებს დროებით აძლევს უფლებას, შეიძინონ რუსული ნავთობი, რომელიც უკვე ზღვაშია. ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს მოკლევადიანი ზომა რუსეთის მთავრობას არსებით ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს.

  • მანამდე, 6 მარტს შეერთებულმა შტატებმა ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეზღუდვა 30 დღით მოუხსნა და უკვე ზღვაში მყოფი ტანკერებიდან რუსული ნავთობის შეძენის ნებართვა მისცა.
  • 9 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის გაზრდილი ფასების შესამცირებლად აშშ სანქციებს დროებით მოუხსნის ზოგიერთ ქვეყანას. მაშინ ტრამპს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია.

რუსეთის რეაქცია

12 მარტს ღამით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ აშშ ფაქტობრივად აღიარებს, რომ რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ იქნება.

დმიტრიევის მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, აშშ-ის მიერ შეზღუდვის მოხსნა ეხება დაახლოებით 100 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობს, რომელიც „ტრანზიტშია“.

პუტინის წარმომადგენლის განცხადებით, მზარდი ენერგოკრიზისის ფონზე რუსული ენერგომატარებლებისთვის შეზღუდვების შემდგომი შერბილება სულ უფრო გარდაუვალი ჩანს, ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად.

აშშ-ის მიერ რუსული ნავთობისთვის სანქციების დროებით მოხსნამდე ერთი დღით ადრე, 11 მარტს დმიტრიევი ფლორიდაში შეხვდა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებს.

რუსული ნავთობის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებიც მოქმედებს. ევროკავშირის ქვეყნების მიერ ბოლო თვეებში დაკავებულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილად მიჩნეული არაერთი ტანკერი, რომლებსაც სანქციების დარღვევით გადააქვთ რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები.

  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის სრუტეც და დაიმუქრა, რომ ბარელი ნავთობის ფასი 200 აშშ დოლარს გადააჭარბებდა.
  • 9 მარტს ბარელი ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 აშშ დოლარს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG