Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომის მიღმა დარჩა, მინისტრს ვიზა არ მისცეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომა 19 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომა 19 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართა

ბელარუსის წარმომადგენელი ვერ დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომას, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ბელარუსი საბჭოში ოფიციალურად მიიწვია.

„მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომა 19 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართა. აშშ-ის დედაქალაქში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ რიჟენკოვი უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზა არ მისცეს.

  • რიჟენკოვი ლუკაშენკას ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებს შორისაა, რომელთა წინააღმდეგ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების გამო მოქმედებს ევროკავშირის სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის და კანადის სანქციები.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მაქსიმ რიჟენკოვი ვაშინგტონში, „მშვიდობის საბჭოს“ სხდომას არ ესწრებოდა, ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტამ“ გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი, რომლის თანახმად, აშშ-ის შესაბამის სამსახურებს დროულად მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სხდომაში მონაწილეობას მაქსიმ რიჟენკოვი მიიღებდა და დადგენილი წესით გაუგზავნეს დოკუმენტები ვიზის გასაფორმებლად, თუმცა მინსკის მიერ პროცედურების დაცვის მიუხედავად ვიზა არ გაიცა.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „რომელ მშვიდობასა და თანმიმდევრულობაზეა საუბარი, როცა ორგანიზატორებმა არ შეასრულეს ბელარუსის მონაწილეობისთვის საჭირო საბაზისო ფორმალობებიც კი“.

აშშ-ის კონტაქტები ლუკაშენკას ხელისუფლებასთან პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ აღადგინა.

2025 წლიდან ლუკაშენკამ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შედეგად გაათავისუფლა პოლიტიკური ნიშნით სხვადასხვა დროს დაკავებული რამდენიმე ასეული პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, აქტივისტი და ჟურნალისტი.

სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის საწინააღმდეგო სანქციები შეამსუბუქა, მათ შორის შეზღუდვები მოუხსნა ბელარუსის ავიაკომპანია „ბელავიას" და კალიუმის მომპოვებელ კომპანიას.

„მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაში, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა 19 თებერვალს ვაშინგტონში უმასპინძლა, 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. სახელმწიფოთა პირველ პირებს შორის იყვნენ ინდონეზიის, ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის და რუმინეთის პრეზიდენტები და უნგრეთის, სომხეთის, ალბანეთის და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები.

„მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე გადაწყვეტილება გამოაცხადა:

  • ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, მაროკომ, ბაჰრეინმა, კატარმა, საუდის არაბეთმა, უზბეკეთმა და კუვეიტმა ღაზის სექტორის აღსადგენად საბჭოს ბიუჯეტში შეიტანეს, საერთო ჯამში, შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი, კიდევ ათ მილიარდს კი აშშ შეიტანს.
  • ორი მილიარდი დოლარის მობილიზება მოხდება გაეროს მეშვეობით.
  • FIFA-ს ინიციატივით სპორტული პროექტებისთვის 75 მილიონი დოლარი შეგროვდება.

ექსპერტების შეფასებით, ისრაელსა და ჰამასს შორის საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებული ღაზის სექტორის აღსადგენად სულ მცირე 70 მილიარდი დოლარია საჭირო.

„მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე ტრამპმა გამოაცხადა ღაზის სექტორში სტაბილიზაციის ხელშემწყობი საერთაშორისო ძალების შემადგენლობაც:

  • სამხედროებს და პოლიციელებს გაგზავნიან ინდონეზია, მაროკო, ალბანეთი, კოსოვო და ყაზახეთი. ყველაზე მეტს, რვა ათასამდე სამხედროს - ინდონეზია.
  • საერთაშორისო კონტინგენტს, რომელშიც, საერთო ჯამში, 20 ათასი სამხედრო უნდა იყოს, ამერიკელი გენერალი ჯასპერ ჯეფერსი უხელმძღვანელებს

საერთაშორისო ძალებმა ღაზის სექტორში უსაფრთხოება უნდა დაიცვან ისრაელსა და ეგვიპტესთან ერთად და ადგილობრივი საპოლიციო ძალები უნდა მოამზადონ.

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, აშშ ღაზის სექტორში გეგმავს ხუთი ათას სამხედროზე გათვლილი ბაზის განთავსებას.

  • აშშ-ის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ ეტაპზე განიხილავდა ორგანოდ, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კოორდინირებას გაუწევს ღაზის სექტორის მართვას და აღდგენას.
  • საბჭოს წესდებით, რომელსაც 2026 წლის იანვარში დავოსში მოაწერეს ხელი 20-მდე ქვეყნის ლიდერებმა, „მშვიდობის საბჭო" განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონფლიქტების მოგვარების საკითხსაც.

აშშ-ის პრეზიდენტმა „მშვიდობის საბჭოში" მიიწვია ათეულობით ქვეყანა, მათ შორის უკრაინა და რუსეთიც. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მიწვევა მიიღეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა.

„მშვიდობის საბჭოში“ მუშაობაზე უარი თქვეს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა.

ტრამპის ინიციატივისადმი კრიტიკულად განწყობილთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ მსოფლიოში კონფლიქტების მოსაგვარებლად უკვე არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია - გაერო. „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ საბჭო არ იქნება გაეროს შემცვლელი.

  • 2025 წელს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ გაიყვანა გაეროს არაერთი სტრუქტურიდან და შესაბამისად, მათი დაფინანსებაც შეწყვიტა. აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური მდივანი გააფრთხილა, რომ ორგანიზაციას ფინანსური კოლაფსი ელის.







ფორუმი

XS
SM
MD
LG