ყაზახეთში დასრულდა რეფერენდუმი ყაზახეთის ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხზე.
ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, რომელიც კვირას საღამოს გამოქვეყნდა, კენჭისყრაში მონაწილეთა დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანას.
ევრაზიის ინტეგრაციის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, კონსტიტუციის ახალ რედაქციას მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 86,7%-მა.
სხვა ეგზიტპოლი, რომელიც კერძო ფონდმა, „კომპლექსური სოციალური კვლევების ინსტიტუტმა“ ჩაატარა, მოწმობს, რომ კონსტიტუციის ცვლილებას მიემხრო რეფერენდუმის მონაწილეთა 87,4%. პარტია Amanat-ის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მაჩვენებელია 88,6%.
ოფიციალურ შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთი კვირის განმავლობაში გამოაცხადებს.
წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 73,24% შეადგინა. მთლიანობაში კენჭისყრაში მონაწილეობდა ყაზახეთის 9 მილიონზე მეტი მოქალაქე.
ახალი კონსტიტუციის პროექტი შემუშავებულია ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის ინიციატივით. დოკუმენტის მიხედვით ორპალატიან პარლამენტს შეცვლის ერთპალატიანი - ყორულთაი. ასევე პრეზიდენტი აღიჭურვება სპეციალური უფლებებით. მას შეეძლება ერთპიროვნულად დანიშნოს გენერალური პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, ეროვნული ბანკისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელები.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შექმნა. მასაც პრეზიდენტი დანიშნავს ერთპალატიანი პარლამენტის თანხმობით. პრეზიდენტი შეძლებს პარლამენტის დათხოვნას, თუკი საკანონმდებლო ორგანო ორი ცდით არ მოიწონებს კანდიდატებს ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის სპიკერის თანამდებობებისთვის.
ფორუმი