მისი თქმითვე, ჯერ არც უცხოეთიდან ექიმის ჩამოყვანაზეა საუბარი, თუმცა „საჭიროების შემთხვევაში, უკლებრივ ყველაფერი გაკეთდება“.
ზუსტად 13:00 საათზე კლინიკასთან შეკრებილ ჟურნალისტებს მან განუცხადა:
„მდგომარეობა კვლავაც არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებებისა და არსებითი დინამიკის გარეშე“.
რა თქვა მინისტრმა
„ჩვენც ვცდილობთ, რომ გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, ყველა კომპეტენტურ, განსხვავებულ აზრს, რომელიც საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„იქნებ არსებობდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები. აი, ეს არის ჩვენი მცდელობის მიზანი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მას არ დაუზუსტებია, „სტანდარტული, კლასიკური მეთოდოლოგიის“ გარდა კონკრეტულად რას გულისხმობდა“. მან ჟურნალისტებს განუცხადა:
„გნებავთ კონსილიუმი დავარქვათ, რაც გნებავთ ის დავარქვათ, აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები, მათთან კონსულტაციების გავლა არის ერთ-ერთი რეკომენდაცია“.
უცხოეთში გადაყვანასა და უცხოელ ექიმზე
„რაც შეეხება უცხოეთზე საუბარს, - უცხოელ ექიმებს, უცხოეთში გადაყვანას, - ამ წუთას მსგავსი რამ, მაგალითად უცხოეთში წაყვანა, არ განიხილება არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით“, - უთხრა მან ჟურანლისტებს.
„რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, როგორც კი და რა წამს დადგება ასეთი საჭიროება, ბუნებრივია, ეს იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
„ყველაფერი გაკეთდება უკლებრივ რომ ასეთი საჭიროება დაუყოვნებლივ იქნება უზრუნველყოფილი“, - თქვა მან.
„არ ღირს არასწორი ფრაზების გამოეყენება... იგი იმყოფება რეანიმაციაში, რაც ნიშნავს, რომ არავინ მისი მდგომარეობით კმაყოფილი არ შეიძლება იყოს“, - დასძინა მინისტრმა.
ილია მეორე ჰოსპიტალიზებულია
17 მარტს, ღამის სამ საათზე „კუჭიდან მასიური სისხლდენით“ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კლინიკაში გადაიყვანეს. ის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია, ჯანმრთელობის მაჩვენებლები „არასტაბილური და საყურადღებოა“.
კითხვაზე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება თუ არა პაციენტი, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფიო ასპანიძემ დღეს დილას უპასუხა:
„[იგი] იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში - ინტუბირებულ მდგომარეობაშია [პაციენტს აქვს ჩადგმული ენდოტრაქეალური მილი]. სისხლდენა შეწყვეტილია“.
მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ „ძილის მდგომარეობაშია“.
- ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია 1977 წლიდან.
- 2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
- კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლისაა.
კლინიკასთან მივიდნენ თანამდებობის პირები და სამღვდელოების წარმომადგენლები.
ფორუმი