მედიაორგანიზაციის დახურვა უკანონოდ გამოაცხადა კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მოსამართლემ, როის ლამბერტმა. მისი გადაწყვეტილება 17 მარტს გამოქვეყნდა.
ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დაავალა 23 მარტამდე „ამერიკის ხმის“ თანამშრომლები სამსახურში დააბრუნოს და მედიაორგანიზაციის მუშაობა აღადგინოს.
2025 წლის 14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება შვიდი ფედერალური სააგენტოს, მათ შორის USAGM-ის შემცირების შესახებ.
გლობალური მედიის სააგენტო(USAGM) ზედამხედველობას უწევს „ამერიკის ხმას", სხვა ფედერალურ მაუწყებლებსა და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას(RFE/RL).
სააგენტომ მედიასაშუალებებს კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსება შეუჩერა.
სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარ მრჩევლად 2025 წლის მარტში დანიშნულმა კერი ლეიკმა „ამერიკის ხმის“ თანამშრომლები ჯერ იძულებით შვებულებაში გაუშვა, შემდეგ კი სამსახურიდან დაითხოვა.
სააგენტოს გადაწყვეტილებები სასამართლოში იყო გასაჩივრებული. მოსამართლე როის ლამბერტმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების(RFE/RL) სასარგებლოდ გადაწყვიტა სააგენტოსთან მისი დავაც.
„ამერიკის ხმის“ მუშაობის აღდგენის გადაწყვეტილებამდე დაახლოებით ათი დღით ადრე მოსამართლე როის ლამბერტმა დაადგინა, რომ კერი ლეიკი გადაწყვეტილებებს კანონის დარღვევით იღებდა, რადგან სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მხოლოდ ივლისში დანიშნეს, რაც სენატს არ დაუდასტურებია.
თავად ლეიკმა განაცხადა, რომ როგორც წესი, მოსამართლე ლამბერტი გადაწყვეტილებებს „აქტივისტების“ სასარგებლოდ იღებს და მის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.
ფორუმი