Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანჯგალაძე: არ ვიყავი აქციის ორგანიზატორი, ყველა გადაცემაში ვამბობდი

4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები: ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე
4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები: ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეში თავს უდანაშაულოდ ცნობს, ამბობს, რომ ის არ იყო იმ აქციის ორგანიზატორი და უკვირს, რატომ არის ბოლო 6 თვე ციხეში. 

„დღემდე, სასამართლო პროცესზე დავდივარ და მტკიცებულება ვერ ვნახე. მე თუ აქციის შემდეგ ვიტყოდი, რომ არ ვიყავი აქციის ორგანიზატორი, უნამუსობა იქნებოდა, მაგრამ აქციამდე ყველა გადაცემაში ვამბობდი, რომ არ ვიყავი ორგანიზატორი...

6 თვეა რატომ ვარ აქ, რა ჩავიდინე რის გამოც აქ უნდა ვიყო და რამდენი წელი უნდა შემიფარდონ იმისთვის, რაც არ გამიკეთებია“, - თქვა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დღეს, 19 მარტს გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

რა მოხდა 4 ოქტომბერს?

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით, თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

გამოძიება რამდენიმე მუხლით, მათ შორის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მუხლებით დაიწყო.

4 ოქტომბრიდან რამდენიმე დღეში, ამ საქმეზე პროკურატურამ 65 ადამიანი დააპატიმრა, იმავე დღეს - ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

პროკურატურა მათ ორგანიზატორებად მიიჩნევს, დანარჩენებს - მონაწილეებად.

წაყენებული ბრალი

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი 3 მუხლით წარედგინათ:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
  • 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა);
  • 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ).

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ელით.

ლაშა ბერიძეს ბრალი წარედგინა ორი მუხლით:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
  • 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა).

მას თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ელის.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება ერთი მუხლით, 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა. ეს დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG