Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 21 მარტს გაიმართება

ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 3 იანვარი, 2026.
ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 3 იანვარი, 2026.

უკრაინაში რუსეთის ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 21 მარტს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა საღამოს მიმართვისას.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინის გუნდის პოლიტიკური ნაწილი უკვე გზაშია.

„ამ შაბათს ველით შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს დეტალურად ვისაუბრეთ მოლაპარაკებების შესახებ [რუსტემ] უმეროვთან, კირილ ბუდანოვთან და დავით არახამიასთან. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს ასევე სერჰი კისლიცა,“ თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ არ დააკონკრეტა შეხვედრის ფორმატი ან კიდევ ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას.

დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ მოსკოვს, კიევსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებში „შესვენებაა“.

„სამმხრივი ჯგუფი პაუზაზეა“, თქვა პესკოვმა და დასძინა, რომ ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე რუსეთ-ამერიკის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მუშაობა გრძელდება. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი აგრძელებს კიევთან კონტაქტს პატიმრებისა და ცხედრების გაცვლის საკითხთან დაკავშირებით.

რუსეთს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ჟენევაში გაიმართა 17-18 თებერვალს. მარტის დასაწყისში მხარეები კვლავ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს აბუ დაბიში, თუმცა ბოლოს კონსულტაციები გადაიდო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვადის შეცვლის გადაწყვეტილება ამერიკული მხარის ინიციატივით მიიღეს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო.

ამ კვირაში ზელენსკიმ მოლაპარაკებების ბედთან დაკავშირებით „ცუდი წინათგრძნობების“ შესახებ ისაუბრა. მან მიზეზად დაასახელა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, რამაც მსოფლიოს ყურადღება ამ რეგიონზე გადაიტანა. „უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებები მუდმივად გადაიდება და ამას ერთი მიზეზი აქვს - ირანში ომი, თქვა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე ჯგუფები ამჟამად ერთმანეთთან კომუნიკაციას აგრძელებენ - აშშ-ის წარმომადგენლები საუბრობენ როგორც უკრაინულ, ასევე რუსულ მხარეებთან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG