Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს 15:00 საათიდან დამატებითი შეზღუდვები წესდება თბილისში ტრანსპორტის გადაადგილებაზე

ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება რამდენიმე მიმართულებით.
ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება რამდენიმე მიმართულებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შაბათს, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.

21 მარტს, 15:00 საათიდან ღამის თორმეტ საათამდე, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით:

სად იზღუდება გადაადგილება

  • თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის ქუჩა (იცვლება მიმართულება);
  • რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე;
  • რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი ყველა ქუჩა;
  • მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანი;
  • ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი;
  • ქეთევან დედოფლის გამზირი - სასტუმრო "მეტეხიდან" მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმართულებით;
  • ავლიპ ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩები, წურწუმიას ქუჩა, ახვლედიანის მოედანი.

ალტერნატიული მარშრუტები

როგორც შსს წერს, ამ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:

  • სოლოლაკიდან ავტომობილების ნაკადი ასათიანის ქუჩის გავლით გორგასლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს;
  • ზემო ვერაზე მოძრავი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ბარნოვის ქუჩით, მრგვალი ბაღის მიმართულებით, ასევე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ყველა მიმდებარე ქუჩის გავლით;
  • კოტე აფხაზის ქუჩიდან ავტომობილები გადაინაცვლებენ შალვა დადიანის ქუჩაზე (თავისუფლების მოედანზე მოძრაობა სრულად არის შეზღუდული);
  • ლერმონტოვისა და მაჩაბლის ქუჩების გავლით მოხვდებიან ლეონიძის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ სოლოლაკის მიმართულებით;
  • ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასამდე", საიდანაც ბოჭორმის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ "სოკარის" ცენტრალური ოფისის მიმართულებით.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

უკვე არსებული შეზღუდვები:

ძალაში რჩება სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე უკვე
არსებული შეზღუდვები.

სამების მიმდებარედ 22 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. შეცვლილია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.

მიკროავტობუსებს - N434, N478, N479, N522 და N576 - რომლებიც მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილდებოდნენ საინგილოს ქუჩიდან გუმბრისა და სამრეკლოს ქუჩების გავლით, მარშრუტი შეცვლილი აქვთ.

კერძოდ, ისინი საინგილოს ქუჩიდან მოძრაობას აგრძელებენ დავით ციმაკურაძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც ჯორჯ ბუშის, ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით უკავშირდებიან მეტროსადგურ „ავლაბარს“.

უკუმიმართულებით მოძრაობისას იგივე მიკროავტობუსები საინგილოს ქუჩისკენ გადაადგილდებიან ავლაბრის მოედნის, ნიკიფორე ირბახის, ალექსანდრე წურწუმიას, გრიგოლ კობახიძის, მარტყოფის ქუჩისა და მარტყოფის შესახვევის გავლით, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.

ავლაბრის მიმართულებით მოძრაობისას N525 მიკროავტობუსიც ამავე სქემით გადაადგილდება.

რაც შეეხება #391 ავტობუსის - იგი ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ევროპის მოედნისკენ, რის შემდეგაც ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის გავლით დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს;

#391 ავტობუსი უკუმიმართულებით გადაადგილდება ლეხ კაჩინსკისა და ბოჭორმის ქუჩების, ქეთევან დედოფლის გამზირის, ბარათაშვილის აღმართის, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, ჯავახიშვილის ქუჩიდან კი მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებენ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG