ესტონეთის ხელისუფლებამ 20 მარტს რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა თავშესაფრის მაძიებელს ჩეჩნეთიდან, იტყობინება Kavkaz.Realii ადამიანის უფლებათა დამცველ როზა დუნაევაზე დაყრდნობით. დეპორტირებული პირის ვინაობას უსაფრთხოების მოსაზრებებით არ ასახელებენ. ადამიანის უფლებათა დამცველის თქმით, მას არ მიეცა იურიდიულ დახმარებაზე სრული წვდომა და საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.
დუნაევამ განაცხადა, რომ ჩეჩნური წარმომავლობის პირი „მრავალი თვის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“. მან აღნიშნა, რომ ესტონეთი „თავად იბრძოდა დამოუკიდებლობისა და რუსეთის ზეწოლისგან გათავისუფლებისთვის“ და ამიტომ „მისგან მოსალოდნელია, რომ ის განსაკუთრებით გაგებით მოეკიდოს დევნისგან გაქცეული ადამიანების ბედს“.
პროცესის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, რუსეთში თავშესაფრის მაძიებლის დევნის ფაქტები, უცნობია.
2025 წლის ოქტომბერში გერმანიის ხელისუფლებამ ზურაბ ხანგოშვილს და მისი ოჯახის 11 წევრს საქართველოში დეპორტაცია გაუკეთა. ზურაბ ხანგოშვილი ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, 2019 წელს ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმაა. Die Zeit-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ადრე უარი თქვა მის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნაზე, რადგან საქართველო კლასიფიცირებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობდნენ, რომ ხანგოშვილების ოჯახს შესაძლოა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნა დაემუქროს.
ფორუმი