Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Ynet: არაყჩისა და უიტკოფის სატელეფონო საუბარი შესაძლოა მოლაპარაკების საწინდარი იყოს

აბას არაყჩი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
აბას არაყჩი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩისა და აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის სატელეფონო საუბარი გახდა გარდამტეხი მომენტი, რომელსაც მოჰყვა ტრამპის გადაწყვეტილება, შეაჩეროს დარტყმები ირანის ენერგეტიკაზე და მოლაპარაკება დაიწყოს - წერს ისრაელში გამომავალი Ynet-ი.

კონტაქტების თაობაზე ისრაელს წინასწარ არ შეატყობინეს.

გამოცემის თანახმად, ვაშინგტონსა და თეირანს შორის ფარული არხი შუამავლების მეშვეობით მოქმედებდა ჯერ კიდევ ომის მეოთხე დღიდან, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ.

ვითარება გაართულა ისრაელის ოპერაციამ, რომელიც მიზნად ისახავდა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას და რომელიც 17 მარტს, აშშ-ის თანხმობით ჩატარდა. 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ლარიჯანის ადგილს დაიკავებს 72 წლის მუჰამად ბაჰერ ზულქადრი. ეს პირი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში მსახურობდა - იყო კორპუსის მეთაურის მოადგილე, და "ბასიჯის" ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე.

მოლაპარაკებები მხოლოდ ბოლო კვირებში გააქტიურდა, ხოლო ამ პროცესის კულმინაცია გახდა არაყჩისა და უიტკოფის საუბარი 22 მარტს.

კონტაქტისას არაყჩიმ განაცხადა, რომ ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ დასტური მისცა მოლაპარაკებებს და იგი მზადაა ომის დასრულებისთვის, თეირანის პირობების შესრულების შემთხვევაში. ირანმა მზადყოფნა გამოთქვა განიხილოს გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანის საკითხი, მაგრამ არა სრული მოცულობით, და უარი განაცხადა სარაკეტო პროგრამის შეწყვეტაზე. თავის მხრივ, უიტკოფმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია მკაცრი რჩება - ვაშინგტონს სურს სრულად აღიკვეთოს ირანის სარაკეტო პროგრამა.

Ynet წერს, რომ საუბარი გაიმართა საჯარო ადგილას და მას ესწრებოდა პრეზიდენტის მრჩეველი და სიძე, ჯარედ კუშნერი.

გამოცემის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში გაურკვეველია რა შეიძლება წარმოჩინდეს აშშ-ისა და ისრაელის გამარჯვებად. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე შეცვალა ომის მიზნები, იგი უკვე ემზადება საგამოძიებო კომისიას უთხრას, რომ ირანში ხელისუფლების შეცვლის გეგმის ჩავარდნა ირანის მოქალაქეთა ბრალია - წერს Ynet.

ტრამპი 23 მარტს აცხადებდა "ძალიან კარგ და პროდუქტიულ" მოლაპარაკებაზე თეირანთან, მან განკარგულება გასცა ხუთი დღით გადადებულიყო დარტყმები ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამასთან, The New York Times-ის მონაცემებით, აშშ განაგრძობს დარტყმებს სხვა სამიზნეებზე და აძლიერებს რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობას.

ირანს სურს არა დროებითი ზავი, არამედ სრულმასშტაბიანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც აშშ და ისრაელი თავდაუსხმელობის გარანტიებით გამოვლენ და სანქციებიც შემსუბუქდება. პარალელურად, ოფიციალურად თეირანი უარყოფს მოლაპარაკების ფაქტს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG