Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FT: ირანი აცხადებს, რომ „არამტრულ“ გემებს ჰორმუზის სრუტის გავლა შეუძლიათ

სპარსეთის ყურეში მყოფი ბევრი გემი ჰორმუზის სრუტის გავლას ვერ ახერხებს ირანის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამო
სპარსეთის ყურეში მყოფი ბევრი გემი ჰორმუზის სრუტის გავლას ვერ ახერხებს ირანის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამო

ირანის ხელისუფლება მასთან კოორდინაციის შემთხვევაში „არამტრულ“ გემებს მისცემს ჰორმუზის სრუტით ტრანზიტის უფლებას. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით.

წერილში ნათქვამია, რომ ირანმა მიმართა ზომებს, რათა აღკვეთოს „აგრესორებისა და მათი მომხრეების მიერ ირანის წინააღმდეგ მტრული ოპერაციები ჰორმუზის სრუტის გამოყენებით“ და შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და კონფლიქტის სხვა მონაწილეებთან კავშირის მქონე გემებს სრუტეში გავლის უფლება არ აქვთ.

ამასთან, თეირანის თანახმად, „არამტრულ“ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტით ისარგებლონ მხოლოდ ირანის ხელისუფლებასთან კოორდინაციით.

  • მას შემდეგ, რაც 2026 წლის 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.

ჰორმუზი არაბეთის ზღვაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტეა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სპარსეთის და ომანის ყურეებს და ღია ოკეანეში გასასვლელია. ჰორმუზის სრუტის ჩრდილოეთ ნაპირი ირანს ეკუთვნის, ხოლო სამხრეთი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანის ექსკლავ მუსანდამს.

  • სპარსეთის ყურეში დაბლოკილია 3000-ზე მეტი გემი, რომლებიც ჰორმუზის სრუტით გავლას ვერ ახერხებენ თავდასხმის საფრთხის გამო.

ანალიტიკური გამოცემა Lloyd's List-ი, რომელიც საზღვაო-სავაჭრო ნაოსნობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა, 23 მარტს წერდა, რომ ირანი თანხის გადახდის სანაცვლოდ ჰორმუზის სრუტის გავლის უფლებას აძლევს გემების ნაწილს.

22 მარტს სრუტე გაიარა პანამის დროშით მცურავმა სატვირთო გემმა Newvoyager-მა, რომლის მფლობელიც ჩინური კომპანიაა. ტრანზიტი განხორციელდა საზღვაო მომსახურების ჩინური კომპანიის შუამავლობით და ირანის ხელისუფლებას თანხაც მან გადაუხადა. ზუსტი თანხა Lloyd's List-მა ვერ დაადგინა. გამოცემის ცნობით, ბოლო ხანს ჰორმუზის სრუტე გაიარა 20-ზე მეტმა გემმა, რომელთა უმრავლესობა საბერძნეთს ეკუთვნის.




ფორუმი

XS
SM
MD
LG