Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი უკრაინას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი

უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, სანამ არ განახლდება მილსადენ „დრუჟბით“ უკრაინის გავლით უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება.

გადაწყვეტილება დღეს, 25 მარტს გამოაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ორბანი ამბობს, რომ უკრაინისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას თანდათან შეწყვეტენ და გაზის ამ მოცულობას თავად უნგრეთის საცავებში შეინახავენ.

უკრაინის ენერგეტიკის დარგებზე ფოკუსირებული წამყვანი უკრაინული კონსალტინგური კომპანიის, EXPRO-ს მონაცემებით, 2025 წელს უკრაინამ უნგრეთიდან მიიღო 2,94 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რაც საერთო მოცულობის 45% იყო. 2026 წელს უნგრეთის წილი შემცირდა და პირველ ადგილზე პოლონეთიდან იმპორტია.

EXPRO-ს თანახმად, უნგრეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტა უკრაინაში კრიტიკულ სიტუაციას არ შექმნის და შესაძლოა, საარბიტრაჟო სასამართლოებში დავის საგნადაც იქცეს.

უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას რეექსპორტის ფორმით ახორციელებს და სხვა ქვეყნებისგან მიღებულ ბუნებრივ გაზს აწვდის.

  • უკრაინის ტერიტორიიდან მილსადენ „დრუჟბით“ უნგრეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი 2026 წლის იანვრის ბოლოდან შეწყდა. კიევში განაცხადეს, რომ ლვოვის ოლქში არსებული მილსადენის ტექნოლოგიური, დამხმარე დანადგარი რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად დაზიანდა.
  • უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები უკრაინას ტრანზიტის განახლების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. ამის გამო უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფა.


პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ მილსადენ „დრუჟბით“ ნავთობის ტრანზიტი შესაძლოა, 1-1,5 თვეში აღდგეს.

17 მარტს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ განაცხადეს, რომ დაზიანებული მილსადენის აღსადგენად უკრაინას შესთავაზეს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა, რასაც კიევი დასთანხმდა.

19 მარტს, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა დაადასტურა, რომ უკრაინისთვის 90-მილიარდიან კრედიტს ვეტოს არ მოხსნის, სანამ „დრუჟბით“ ნავთობის ტრანზიტი არ განახლდება.

ორბანმა, რომელსაც თავის პარტია „ფიდესთან" ერთად 12 აპრილს მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ელოდება, 25 მარტს განაცხადა, სანამ უკრაინა უნგრეთს ნავთობს არ აწვდის, უნგრეთისგან გაზს ვერ მიიღებს. ორბანის თქმით, უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებას დაიცავენ და ბენზინის ფასების რეგულაციას და გაზის შემცირებულ ტარიფს შეინარჩუნებენ.

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და მისმა მთავრობამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და რუსეთის მთავრობასთან კარგი ურთიერთობები და უარი არ თქვეს რუსული გაზისა და ნავთობის შეძენაზე, რაც უნგრეთის მოქალაქეების ინტერესებით ახსნეს.
  • ორბანი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევის და ევროკავშირში უკრაინის გაწევრების მოწინააღმდეგეა და ხშირად აკრიტიკებს როგორც უკრაინის ხელისუფლების, ისე ევროკავშირის პოლიტიკას.






ფორუმი

XS
SM
MD
LG