უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრისთვის მიცემული დავალების შესახებ დღეს, 23 მარტს დაწერა სოციალური ქსელის, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე. ორბანის თანახმად, მთავრობის წევრის საუბრების მოსმენა „უნგრეთზე სერიოზული თავდასხმაა".
სიიარტოს სატელეფონო საუბრების ფარულად მოსმენის შესახებ უნგრეთის პროსამთავრობო გამოცემა Mandiner-მა დაწერა. მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრს უცხოეთის სპეცსამსახურები უსმენენ უნგრეთის ოპოზიციის წარმომადგენელთა დახმარებით. გამოცემის თანახმად, მისი წყაროა ანონიმური პირისგან მიღებული წერილი და აუდიოჩანაწერი.
უნგრეთის პროსამთავრობო გამოცემის სტატიას წინ უძღოდა ამერიკული The Washington Post-ის პუბლიკაცია. 21 მარტს გამოცემამ დაწერა, რომ წლების განმავლობაში ორბანის მთავრობის წარმომადგენლები რუსეთს ინფორმაციას აწვდიდნენ ევროკავშირის სხდომების შესახებ. მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს რეგულარულად ურეკავდა სხდომებს შორის შესვენებების დროს და განხილულ საკითხებზე ანგარიშებს აძლევდა.
The Washington Post-ის ცნობითვე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური განიხილავდა სცენარს, რომლის მიხედვითაც გაითამაშებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მკვლელობის მცდელობას, რათა გაზარდონ მისი პარტიის, Fidesz-ის რეიტინგი 12 აპრილს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ რუსეთისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ გავრცელებულ ცნობებს „ფეიკი“ უწოდა.
22 მარტს, როცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ ამერიკული გამოცემის სტატიის შემდეგ პეტერ სიიარტოს სოციალურ ქსელ X-ში თავისი ოფიციალური გვერიდან მიმართა და დაწერა, რომ „ეს ბევრ რამეს ხსნის“, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაქვეყნა საპასუხო პოსტი, რომ ეს ტყუილია, რათა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების მოახლოების გამო ხელი შეუწყონ ოპოზიციური პარტია Tisza-ს მიერ „ომის მხარდამჭერი მარიონეტული მთავრობის შექმნას“.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 22 მარტს განაცხადა, რომ „ორბანის ხალხის“ მიერ ევროკავშირის საბჭოს სხდომების შესახებ მოსკოვის ინფორმირება არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან დიდი ხანია ამის ეჭვი აქვთ და სწორედ ამიტომ, სხდომებზე სიტყვას ითხოვს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ლაპარაკობს მხოლოდ იმდენს, რამდენიც საჭიროა.
გამოცემა Politico-მ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 22 მარტს დაწერა, რომ უნგრეთის მთავრობის მიერ რუსეთის ინფორმირებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო ევროკავშირმა შეზღუდა უნგრეთის მიმართულებით კონფიდენციალური მასალების ნაკადი, გაერთიანების ლიდერები კი მცირე ჯგუფებად იკრიბებიან.
ამასთან, გამოცემა ხუთ ევროპელ დიპლომატსა და ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რუსეთში ინფორმაციის გაჟონვაზე ევროკავშირის ოფიციალური პასუხი არ იქნება უნგრეთის არჩევნებზე შესაძლო გავლენის გამო.
- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უნგრეთმა, ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობისგან განსხვავებით, უარი თქვა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, ხშირად აფერხებდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიღებას და არ შეწყვიტა რუსული ნავთობისა და გაზის შეძენა, რასაც უნგრეთის მთავრობა საკუთარი მოსახლეობის ინტერესებით ხსნის.
- უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ხშირად აკრიტიკებს როგორც კიევს, ისე ბრიუსელის პოლიტიკას, კარგი ურთიერთობები შეინარჩუნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ფორუმი