"რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, შემიძლია გავიმეორო: თუ და როცა ამისთვის თბილისში მზად იქნებიან, მოსკოვში თავს არ აარიდებენ საგნობრივ საუბარს. რუსეთთან დიალოგზე უარის თქმის ხაზი - ისევე როგორც 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები, სააკაშვილის კრიმინალური და უგუნური რეჟიმის მემკვიდრეობის ნაწილია. ვფიქრობ, თბილისში, მათ ქვეყანასთან მიმართებით დასავლეთის რეალური მიზნების გაცნობიერების შემდეგ, იწყებენ იმის გააზრებას, რომ საქართველოს კეთილდღეობის გასაღები არა კონფრონტაციაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობაშია“, - თქვა მან.
მარია ზახაროვამ ასე პროკრემლისტური შეხედულებების მქონე ქართველი ჟურნალისტის, ნიკოლოზ მჟავანაძის შეკითხვას უპასუხა. მჟავანაძემ, მადლობა გადაუხადა მოსკოვს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის გამოხატვისა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მიხაილ შვიდკოის დაკრძალვაზე დასწრებისთვის და დაინტერესდა საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის პერსპექტივებით.
ზახაროვამ, სამძიმარი გამოთქვა საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო და მას სულიერი ლიდერი უწოდა, რომელიც მართლმადიდებლების ერთიანობისთვის იბრძოდა.
მანვე აღნიშნა, რომ ქართული მხარე „ასევე დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით“ და გაიმეორა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა „საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია“.
ზახაროვას სიტყვებით, მთლიანობაში დსთ-ს ქვეყნებზე მოდის საქართველოს ექსპორტის 70%-ს - „ეს რამდენჯერმე აღემატება ევროკავშირის წილს“.
დსთ-ს ქვეყნების წილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ბოლო წლებში გაიზარდა, მათ შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ზოგი ექსპერტი და ოპოზიციონერი ამის გამო პარტია „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს. მაგალითად, ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოდან რუსეთში ავტომობილები იგზავნება სანქციების გვერდის ავლით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკა ამ ტვირთებს ითვლის, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადაზიდულს. ბოლო თვეებში საქართველომ ასევე დაიწყო რუსული ნავთობის შესყიდვა, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიეწოდება.
ზახაროვამ ჩამოთვალა ის მიმართულებები, რომლებშიც მისი სიტყვებით, მოსკოვსა და თბილისს შორის თანამშრომლობა ვითარდება.
- რუსეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტების - ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის - წამყვანი მიმწოდებელია.
- პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შემდეგ, ავიაკომპანიები 20-ზე მეტი მიმართულებით ახორციელებენ რეისებს, რომლებიც საქართველოს სამ და რუსეთის 11 ქალაქს აკავშირებს.
- რუსეთიდან საქართველოში ტურისტების ნაკადი გაიზარდა - საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა.
- საქართველოში მომლოცველთა რიცხვი გაიზარდა.
18 მარტს ზახაროვამ განაცხადა, რომ „სულ უფრო მეტი ქართველი პოლიტიკოსი ემხრობა მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენას“ და „ბურთი რუსეთის მოედანზე არ არის“.
რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას, საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ქვეყანა ოკუპაციის პირობებშიც კი „მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მიჰყვება“.
ფორუმი