24 დეკემბრიდან მის შესახებ არავითარი ცნობა არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას Kavkaz.Realii ავრცელებს ჟურაველის ადვოკატის, ანდრეი საბინინის წერილის მიხედვით, რომელიც მან რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრ ევა მერკაჩოვას გაუგზავნა.
როგორც მერკაჩოვას მიერ თავის Telegram არხზე გამოქვეყნებული საბინინის წერილიდან ირკვევა, ჟურაველი მოსკოვიდან დეკემბრის ბოლოს წაიყვანეს. 24 დეკემბერს მისმა ოჯახმა ჟურაველის მიერ ულიანოვსკიდან გაგზავნილი წერილი მიიღო და რის შემდეგ მის შესახებ არანაირი ცნობა აღარ არსებობს.
“ახლობლები და მე ნიკიტას სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ვნერვიულობთ, მით უმეტეს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ის ცოცხალია“, - წერს ადვოკატი და მერკაჩოვას მის მოძებნაში დახმარებას სთხოვს.
საბინინის თქმით, ვოლგოგრადის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ჟურაველი 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ნოემბრამდე იმყოფებოდა, უკანონოდ ჰქონდა აკრძალული მშობლებთან ხანგრძლივი პაემნის უფლება.
ნიკიტა ჟურაველი 2023 წლის მაისში ქალაქ ვოლგოგრადში დააკავეს მას შემდეგ, რაც ტელეგრამ-არხმა „უტრო დაგესტანა“ გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ წვავს კაცი ვოლგოგრადის მეჩეთთან ყურანს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ჟურაველმა აღიარა, რომ ყურანი სწორედ მან დაწვა უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით და 10 ათასი რუბლის ჯილდოს სანაცვლოდ. უფლებადამცველი ორგანიზაციები დარწმუნებული არიან, რომ ნიკიტა ჟურაველს ჩვენება იძულებით მიაცემინეს.
საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ბასტრიკინის განკარგულებით, ნიკიტა ჟურაველი გადაიყვანეს ჩეჩნეთში, სადაც ხულიგნობისა და მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის გაასამართლეს და 2024 წლის თებერვალში მიუსაჯეს 3,5 წლით პატიმრობა. უფლებადამცველებმა ჟურაველის ვოლგოგრადიდან გროზნოში გადაყვანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევად შეაფასეს.
გროზნოს იზოლატორში ნიკიტა ჟურაველს სცემა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა, ადამმა. ცემის ამსახველი ვიდეო რამზან კადიროვმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ შვილის საქციელით ამაყობს. მომხდარმა საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ ჰქონია.
მოგვიანებით ჟურაველი ვოლგოგრადში დააბრუნეს. უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალს" 20 წლის ნიკიტა ჟურაველი პოლიტპატიმრად ჰყავს აღიარებული.
ფორუმი