Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FT: მარტის დასაწყისიდან რუსეთი ირანს დრონებს აწვდის

დრონი "გერან-2" განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე. კიევი, 27 ოქტომბერი, 2025.
დრონი "გერან-2" განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე. კიევი, 27 ოქტომბერი, 2025.

მარტის განმავლობაში რუსეთი დრონებს, ასევე მედიკამენტებსა და საკვებს აწვდიდა ირანს, რომელიც ამჟამად აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, იტყობინება Financial Times დასავლურ სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით.

ირანელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა, სავარაუდოდ, დრონების ეს მიწოდება ფარულად განიხილეს აშშ-ისა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. მოსკოვმა მიწოდება მარტის დასაწყისში დაიწყო და მისი დასრულება თვის ბოლომდე იგეგმება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარტის შუა რიცხვებში CNN-თან ინტერვიუში ახსენა რუსეთის მიერ ირანისთვის „შაჰედის“ კლასის დრონების გადაცემა. მან განაცხადა, რომ მას მოეპოვება „100-პროცენტიანი მტკიცებულება“ იმისა, რომ თეირანმა ისინი გამოიყენა აშშ-ის ბაზებისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმებში.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ირანი რუსეთს „შაჰედის“ ტიპის მოიერიშე დრონებს აწვდიდა. ირანული კონსტრუქციის საფუძველზე დრონების წარმოება დაიწყო თავად რუსეთში, რომელმაც მათი მოდიფიცირება მოახდინა, რათა დრონებს ჰქონოდათ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გვერდის ავლისა და უფრო მძიმე საბრძოლო ქობინის გადატანის უნარი.

უსაფრთხოების სამსახურების ერთ-ერთმა დასავლელმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯერ არ დაუდგენიათ დრონების კლასი, რომელთა ირანში გაგზავნასაც დათანხმდა რუსეთი, თუმცა, მისი თქმით, მოსკოვს მხოლოდ ისეთი მოდელების მიწოდება შეუძლია, როგორიცაა „გერან-2“, რომელიც ირანული „შაჰედ-136“-ის ბაზაზე შეიქმნა.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ მოიერიშე დრონების გამოყენება ირანის სამხედრო სტრატეგიის მთავარ ელემენტად იქცა. გამოცემის ცნობით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან ირანის ძალებმა ამ დრონების 3000-ზე მეტი ერთეული გამოიყენეს ობიექტებზე დარტყმებისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, საუდის არაბეთსა და ისრაელში.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ირანისთვის დრონების მიწოდების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „ამჟამად ბევრი ყალბი ამბავი ვრცელდება“. „ყველაზე პატივსაცემი გამოცემებიც კი არ ერიდებიან ამ ყალბი ამბების გამოქვეყნებას. უგულებელყავით ისინი“, თქვა მან. „ერთი რამ ცხადია: ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს ირანის ხელმძღვანელობასთან“, თქვა მან.

FT-ის წყაროების ცნობით, რუსეთი ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს ირანთან და თავის მოკავშირეს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს, მათ შორის თანამგზავრული სურათებით, სამიზნეთა შესახებ მონაცემებით და სადაზვერვო ინფორმაციით. დასავლელი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ მოსკოვი ცდილობს არა მხოლოდ ირანის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას, არამედ რეჟიმის პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფასაც. რუსეთის ხელისუფლებამ ადრე უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოსკოვმა აშშ-ს შესთავაზა, რომ თავს შეიკავებს ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისგან, თუ, თავის მხრივ, აშშ ასეთ მონაცემებს არ გადასცემს უკრაინას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG