პროკურატურის თანახმად, 2026 წლის 16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ "ღია სასამართლო სხდომაზე, ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ".
სად გაკეთდა მოწოდება
ყოფილ თავდაცვის მინისტრს ედავებიან მის წინააღმდეგ აღძრული სხვა საქმის (2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის ორგანიზება) სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. ამ სხდომაზე დასწრება შეეძლოთ მხოლოდ ადვოკატებს, პროკურორებსა და სასამართლოს შემადგენლობას.
რა რეჟიმში ჩატარდა სხდომა
16 თებერვალს სასამართლო სხდომა მოსამართლე ლევან გელოვანმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დახურა, მიუხედავად ბაჩო ახალაიას და მისი ადვოკატის საწინააღმდეგო მოსაზრებისა.
ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და ასევე ფიგურანტების (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები) ვინაობა რა უნდა გამხდარიყო საჯარო.
ადვოკატი მიიჩნევდა, რომ სხდომის დახურვის მოტივი ის იყო, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ ჰქონდა.
რა თქვა ახალიამ
სხდომაზე ახალაიამ თქვა, რომ „მე ვთვლი, რომ [ბიძინა] ივანიშვილი არის დასამხობი ყველა შესაძლო გზით“.
„თუ დასჭირდება ძალა, დასამხობია ძალით, ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე ორას წელზე მეტია გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ“, - თქვა მან ჩანაწერის მიხედვით.
პროკურატურა ახალაიას ბრალად სდებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასჯელის ზომას მოსამართლე განსაზღვრავს.
რას ნიშნავს დამხობისკენ მოწოდება
სისხლის სამართლის კოდექსი ასეთ განცხადებას მიიჩნევს: „საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელებას“.
როგორ გავრცელდა ჩანაწერი
დამხობის შესახებ სადავოდ გამხდარი ჩანაწერი ბაჩო ახალიას ცოლმა, ანა ნადარეიშვილმა გაავრცელა. მისი მინაწერის მიხედვით, ეს იყო „აკრძალული შესავალი სიტყვა“, „ჩანაწერი სასამართლოდან გამოვიდა“.
ნადარეიშვილი, ქმრის მსგავსი განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ახალი ბრალის წაყენებას.
მოგვიანებით, მედიასთან საუბარში ნადარეიშვილმა თქვა, "ბატონი ივანიშვილი, როგორც ვიცი, არანაირ თანამდებობას არ იკავებს და ივანიშვილის დამხობა ანუ ქოცებისთვის ნიშნავს, რომ ვამხობთ სახელმწიფოს, ასე გამოდის".
"იურიდიულად როგორ შეიძლება შეაფასო მუხლი 317-ე, რომელიც არის საჯარო მოწოდებებზე და რომელიც არის კონსტიტუციური წესრიგის დამხობაზე, ბიძინა ივანიშვილი არც კონსტიტუციაა, არც სახელმწიფო არ არის და საჯარო მოხელეც არ არის და, საჯარო მოწოდებად როგორ უნდა იყოს აღქმული დახურულ სასამართლოზე ნათქვამი, როცა მხოლოდ მოსამართლეს და პროკურორს ესაუბრება ადამიანი", - თქვა ანი ნადარეიშვილმა "TV პირველთან" სატელეფონო საუბარში 27 მარტს.
ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეა.
ბაჩო ახალაია პატიმრობაშია
ყოფილი თავდაცვის მინისტრი 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავეს. ის მას შემდეგ პატიმრობაშია. იმავე დღეს დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გამოუშვეს მისი ცოლი ანი ნადარეიშვილიც.
ბაჩო ახალიას ედავებიან 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის მთავარ ორგანიზატორობას. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ დანაშაულისთვის 9 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
სუსის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებითვე, ახალაია პროცესს ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ანი ნადარეიშვილის თქმით, ათობით ტომიან საქმეში „ბაჩო ახალაიას ნაწილში საერთოდ არაფერი დევს“.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში, 2012 წლის 6 ნოემბერს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნეს რამდენიმე საქმეში:
- 2006 წლის ციხის ბუნტის საქმე მიესაჯა 3 წელი და 9 თვე;
- ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მას თავისუფლების 7 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა მიუსაჯა;
- სერგო თეთრაძის წამების საქმეზე და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საბოლოოდ ახალაიამ 9,5 წლის გასვლის შემდეგ საპატიმრო 2022 წლის 1 მარტს დატოვა.
ფორუმი