ბელარუსის და ჩრდილოეთ კორეის მმართველთა შეხვედრა ფხენიანში 26 მარტს გაიმართა.
მოლაპარაკების შემდეგ ლუკაშენკამ და კიმმა ხელი მოწერეს ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეას შორის „მეგობრობისა და თანამშრომლობის“ შეთანხმებას.
ლუკაშენკასთან ერთად ფხენიანში იმყოფებოდა ბელარუსის მთავრობის წევრების დელეგაცია.
ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ფხენიანში გაფორმდა ათამდე დოკუმენტი განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის და ფიზკულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები „პრინციპულად ახალ ეტაპზე გადადის“.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ლუკაშენკას საზეიმო მიღება და კონცერტი გაუმართეს, ფხენიანის აეროპორტიდან კი პირადად კიმ ჩენ ინმა გააცილა.
დღეს, 27 მარტს ლუკაშენკას პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ ფხენიანში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის შედეგებმა „ყველა მოლოდინს გადააჭარბა“.
- ბელარუსის და ჩრდილოეთ კორეის მმართველები რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მცირერიცხოვან მოკავშირეებს შორის არიან და მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ ომში.
- ამ ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მინსკის საწინააღმდეგო სანქციები შეარბილა, ლუკაშენკას ხელისუფლებამ კი პოლიტპატიმრების ნაწილი გაათავისუფლა.
ფორუმი