Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალის პრემიერი გახდა 35 წლის ყოფილი რეპერი

ბალენდრა შაჰი
ბალენდრა შაჰი

ნეპალის ახალი პრემიერმინისტრი გახდა ბალენდრა შაჰი - 35 წლის ყოფილი რეპერი და კატმანდუს ყოფილი მერი, იტყობინება The Kathmandu Post-ი.

მისი დანიშვნა მოსალოდნელი იყო მისი პარტიის ისტორიული გამარჯვების შემდეგ 5 მარტის საპარლამენტო არჩევნებში, მასობრივი საპროტესტო აქციებიდან შვიდი თვის შემდეგ. საპროტესტო აქციები 2025 წლის სექტემბერში დაიწყო, ხელისუფლების მიერ სოციალური მედიის დაბლოკვის მცდელობის შემდეგ.

ძალადობრივი შეტაკებების შემდეგ, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა, აკრძალვა მოიხსნა, თუმცა პროტესტი კორუფციის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გაგრძელდა, რის შედეგადაც ნეპალის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი, 73 წლის პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი, გადადგა.

ნეპალში გამართულ საპროტესტო აქციებს "თაობა Z-ს" უწოდებენ, რადგან მათი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდები იყვნენ, ხოლო ბალენდრა შაჰი ამ პროტესტების სიმბოლოდ იქცა. 2026 წლის
იანვარში ის კატმანდუს მერის თანამდებობიდან გადადგა
და პრემიერმინისტრობის კანდიდატად კენჭისყრის მიზნით ეროვნულ დამოუკიდებელ პარტიას შეუერთდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად, პარტიის ლიდერი რაბი ლამიჩჰანეა, რომლის სახელიც რამდენიმე სკანდალთან არის დაკავშირებული, შაჰი პარტიის მთავარი ფიგურა გახდა. არჩევნების შედეგებით, ეროვნულმა დამოუკიდებელმა პარტიამ 165 ოლქიდან 90 მოიგო, მათ შორის ჯჰაპა-5-ის ოლქი, რომელშიც ყოველთვის ნეპალის კომუნისტური პარტია იგებდა.

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, კატმანდუს მერის თანამდებობაზე ყოფნისას, შაჰმა ქალაქში მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა წესრიგის დასამყარებლად, მათ შორის უკანონო შენობების დანგრევა და ნაგვის პრობლემის მოგვარება. თუმცა, როგორც აღინიშნა, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ის გააკრიტიკეს ქუჩის მოვაჭრეების წინააღმდეგ პოლიციის უხეში ძალის გამოყენების გამო, როდესაც ის ცდილობდა დედაქალაქის გზების გათავისუფლებას და არალიცენზირებული სავაჭრო პუნქტების შეზღუდვას, წერს „ნასტოიაშჩეე ვრემია".

ფორუმი

XS
SM
MD
LG