მანამდე უკრაინის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა. აბუ დაბიში ის შეხვდა უკრაინელ ექსპერტებს, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში დასახმარებლად. შეხვედრაზე იმსჯელეს ჯგუფის რამდენიმეკვირიანი მუშაობის პირველად შედეგებზე:
„ჩვენი და ჩვენი პარტნიორების საერთო მიზანია უკეთესი უსაფრთხოება. უკრაინელებს, სამწუხაროდ, კარგად ახსოვთ როგორი იყო, როცა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო. ბევრი რამ იყო დამოკიდებული სწრაფ და ეფექტიან თავდაცვით გადაწყვეტილებებზე. დღეს უკრაინას არა მხოლოდ თავად სჭირდება დახმარება, არამედ ის აგრეთვე მზად არის დაეხმაროს მათ, ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინელმა ექსპერტებმა პრეზიდენტს მოახსენეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებსა და სამუშაოზე, რომელიც ირანისგან მომდინარე საჰაერო საფრთხეებთან გამკლავებას უკავშირდება.
შაბათსვე, აბუ დაბიში გაიმართა უკრაინის პრეზიდენტისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის შეხვედრა.
მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა მადლობა გადაუხადა უკრაინას ექსპერტთა დახმარების შეთავაზებისა და უკრაინელების მიერ გამოცდილების გაზიარების გამო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს უკრაინისთვის პრინციპის საკითხიც არის, რადგან ტერორმა მსოფლიოში არსად უნდა გაიმარჯვოს.
უკრაინის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ უკრაინა ღიაა გრძელვადიანი ერთობლივი საქმიანობისთვის, რაც სტრატეგიული თვალსაზრისით, რეალურად გააძლიერებს ორ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლის დაცვას - მათ შორის, ინვესტიციების, ერთობლივი წარმოებისა და კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურის დაცვის სისტემების სათანადო მოდერნიზაციით.
ორი ქვეყნის ლიდერებმა დეტალურად განიხილეს უსაფრთხოების მდგომარეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რეგიონში, ირანის თავდასხმები, ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და მისი ზეგავლენა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე.
„დღევანდელი საფრთხეების ფონზე, ყველა ნორმალური სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და სიცოცხლის დაცვის უზრუნველყოფა. უკრაინას ამ სფეროში გააჩნია შესაბამისი ექსპერტიზა - სრულმასშტაბიანი ომის ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქალაქები, სამწუხაროდ, ყოველდღიური თავდასხმების ქვეშაა, უკრაინელებმა განავითარეს დაცვის შესაბამისი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მტრის რაკეტებისა და დრონების გადატაცების მნიშვნელოვან დონეს. სწორედ ეს სისტემური მიდგომა და გამოცდილების დანერგვაა, რასაც ვთავაზობთ პარტნიორებს“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა განიხილეს აგრეთვე ყველა არსებულ გამოწვევაზე ეფექტიანად საპასუხოდ შესაძლო ნაბიჯები და შეთანხმდნენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობაზე. ორი ქვეყნის გუნდები ასრულებენ მუშაობას შეთანხმებათა დეტალებზე.
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM-ი წერს, რომ "მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და უკრაინას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში და დაადასტურეს ამ შეთანხმებით განსაზღვრული მიზნებისადმი ერთგულება".
ერთი დღით ადრე უკრაინამ და საუდის არაბეთმა მოაწერეს ხელი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმებას.
ფორუმი