Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონები მეხუთე ღამეა უტევენ ლენინგრადის ოლქს

ფოტო არქივიდან: ხანძრის შედეგები უსტ-ლუგის პორტზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთი, 2024 წლის 21 იანვარი
ფოტო არქივიდან: ხანძრის შედეგები უსტ-ლუგის პორტზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთი, 2024 წლის 21 იანვარი

რუსეთის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ 29 მარტის ღამეს ოლქს დრონებით შეუტიეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

მისი თქმით, ლენინგრადის ოლქში საჰაერო განგაში კიევის დროით დაახლოებით ღამის 2 საათზე გამოცხადდა.

„არის დაზიანებები უსტ-ლუგის პორტში. დაშავებულები არ არიან“, - აცხადებს ის.

გუბერნატორის ინფორმაციითვე, 29 მარტს ლენინგრადის ოლქის თავზე, სავარაუდოდ, 31 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონები უკვე მეხუთე ღამეა უტევენ ლენინგრადის ოლქს.

უკრაინულ სამხედრო სარდლობას რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჯერჯერობით, საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, რომ ის დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს დარტყმის შედეგების შესახებ ცნობებს.

უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტი რეგულარულად ხდება საჰაერო შეტევების სამიზნე.

2024 და 2025 წლებში თავდასხმების მიზანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყო. დარტყმები ასევე ხორციელდება რუსეთის ობიექტებზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

თავდასხმების უმეტესობას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს და აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები „სისტემურად ახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია რუსული საოკუპაციო ძალების საბრძოლო პოტენციალის შემცირებისკენ და რუსეთის იძულებისკენ, შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“.

რუსეთი უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა და მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG