ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლულია კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი მაჯიდ ზაქარიაი. ცნობა მისი სიკვდილის შესახებ დღეს, 30 მარტს გაავრცელა ირანის სახელმწიფო სააგენტომ IRNA.
მაჯიდ ზაქარიაი ირანის ბუნებრივი რესურსების დაცვის ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.
IRNA-ს თანახმად, პოლკოვნიკი ზაქარიაი ირანის ბუნებრივი რესურსების ორგანიზაციაზე აშშ-ისრაელის მიერ 29 მარტს განხორციელებული შეტევისას მიღებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
- 2026 წლის 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.
- აშშ-ისრაელის სამხედრო-საჰაერო ოპერაციის დაწყებიდან ლიკვიდირებულია ათეულობით ირანელი მაღალჩინოსანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.
- 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
ფორუმი