Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ამბობს, რომ ძალადობრივი ნეონაცისტური ჯგუფების კიდევ 13 წევრი დააკავა

კადრები შსს-ის ბრიფინგზე აჩვენეს.
კადრები შსს-ის ბრიფინგზე აჩვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ნეონაცისტური ჯგუფის წევრები დააკავეს. დამატებითი ბრალი წაუყენეს უკვე ციხეში მყოფ ოთხ ადამიანს.

დაკავებულია 13 ადამიანი, მათ შორის 7 არასრულწლოვანი.

გამოძიების თანახმად, ისინი „განსაკუთრებული სისასტიკით“ ესხმოდნენ თავს სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, მათ შორის არასრულწლოვანებს.

„ნეონაცისტები“ „ფაშისტური იდეოლოგიით“

30 მარტს შსს-ში ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ დაკავებულები თავს მოიხსენიებდნენ „ნეონაცისტებად“ და „ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით“.

სირაძის თქმითვე, დაკავებულები „რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ“ და განსაკუთრებული სისასტიკით, სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით, მათ შორის ხელკეტებითა და ე.წ კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე.

სისასტიკის მიზანი, სირაძის თქმითვე, იყო „ცნობადობის მოხვეჭა, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაცია და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდა“.

მისი თქმით, თავდამსხმელები „განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა“.

ამ ყველაფერს იღებდნენ კიდეც

სირაძემ თქვა, რომ ძალადობის ორგანიზების გარდა, თავდასხმების დროს, „რადიკალური დაჯგუფებების წევრები [მსხვერპლებს] ძარცვავდნენ და გარკვეული ოდენობის თანხებს სძალავდნენ“.

ხოლო მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, წამების, ღირსების შემლახველ ქმედებებს, ასევე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას იღებდნენ:

„ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმაზე მიზანმიმართულად აქვეყნებდნენ“, - თქვა ვაჟა სირაძემ.

„შენ გიპირებდით დაბრედვას, ბიჭო. ძაან ნერვები მოგვიშალე“, - ეუბნება ერთ-ერთი თავდამსხმელი ვიდეოში დაზარალებულს, მას შემდეგ, რაც არაერთი პირი ფიზიკურად უსწორდება და აგინებს. მას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებდნენ.

იყო შიდა ომებიც

სირაძის თქმით, გამოძიების თანახმად, სხვადასხვა ნეონაცისტურ ჯგუფს ჰქონდა ერთმანეთთან დაპირისპირება.

„ინტერესთა კონფლიქტისა და უთანხმოების საფუძველზე, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები ერთმანეთსაც სასტიკად უსწორდებოდნენ“, - თქვა მან.

10 დაზარალებული

შსს-ს თანახმად, ბოლოს დაკავებული 13 ადამიანის საქმეებზე ჯამში 10 ადამიანია დაზარალებული.

დაზარალებულთაგან 2 არასრულწლოვანია.

„ნივთმტკიცებები“

გამოძიების თანახმადვე, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას „ამოიღეს“:

  • ცეცხლსასროლი, ხმოვანი და ცივი იარაღები;
  • ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები;
  • მობილური ტელეფონები;
  • ნიღბები;
  • სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა.

15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ვაჟა სირაძის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით მიმდინარეობს.

ეს მუხლები ერთად ეხება:

  • „წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამებას“;
  • „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას“;
  • „ძალადობის ორგანიზებას“;
  • „ძარცვას“
  • და „გამოძალვას“.

სირაძის თქმითვე, დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

დამატებითი ბრალი ადრე დაკავებულებს

სირაძის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ კიდევ ოთხ პირს წარუდგინეს ბრალი.

ეს ოთხნი „ანალოგიური დანაშაულისათვის“ იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში, - თქვა სირაძემ.

მათ „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის“ ბრალი წარუდგინეს.

ბრძოლა ნეონაცისტურ ჯგუფებთან

სირაძემ განაცხადა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ბრძოლას ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ“.

„საზოგადოების თითოეულ წევრს მოვუწოდებთ, მცირე ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწოვნების მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება“, - თქვა მან.

  • 2026 წლის 16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დააკავა 16 ადამიანი, მათ შორის 10 არასრულწლოვანი;
  • შსს-ის თანახმად, ისინიც „ძალადობრივი ჯგუფის წევრები“ იყვნენ, თავს მოიხსენიებდნენ „ნეონაცისტებად“ და „ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით“;
  • კიდევ უფრო ადრე, 2025 წლის ივლისში, სხვა პირებმა იძალადეს 15 წლის ბიჭზე; მათ - 9 ბრალდებულს, მათ შორის 6 არასრულწლოვანს - 2025 წლის 30 დეკემბერს პატიმრობა მიუსაჯეს.

ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ მსგავსი დაჯგუფებების „რამდენიმე ლიდერი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდის“.

იგი, სავარაუდოდ, ლევან აბესაძესა და დავით ჯაფაროვზე საუბრობდა, - ისინი წინა ჯერზე, იანვარში, ახსენა კიდეც.

„მათთან [ლიდერებთან] ერთად დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების კიდევ 24 წევრი“, - თქვა დღეს ვაჟა სირაძემ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG