Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის 29 ქვეყანაში სრულად ამოქმედდება საზღვრის კონტროლის ახალი სისტემა

10 აპრილიდან სრულფასოვნად ამოქმედდება ევროკავშირის შესვლა/გამოსვლის ახალი სისტემა (EES), რომელიც 2025 წლის 12 ოქტომბრიდან მუშაობს, პროგრესულად გავრცელდება ევროპის 29 ქვეყანაში: შენგენის 25 სახელმწიფოში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში.

ეს სისტემა მოკლევადიანი მოგზაურობისას არაევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების შესვლის, გამოსვლისა და შესვლაზე უარის თქმაზე ციფრული მონაცემებით ჩაანაცვლებს პასპორტებში ბეჭდის ჩარტყმის პროცედურას. ციფრულად აღიწერება მგზავრების სახის გამოსახულება, თითის ანაბეჭდები და პერსონალური ინფორმაცია მისი სამგზავრო დოკუმენტიდან.

მას შემდეგ, რაც EES-ი ამოქმედდა, აღირიცხა საზღვრის კვეთის (შესვლა/გამოსვლა) 45 მილიონზე მეტი შემთხვევა. 240 ათასზე მეტ პირს სხვადასხვა მიზეზით უარი ეთქვა შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე. მიზეზთა შორის იყო: ვიზიტის არასათანადო დასაბუთება, ვადაგასული ან ყალბი დოკუმენტები. სისტემამ გამოავლინა 600-ზე მეტი პირი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ევროპისთვის. მათ უარი ეთქვათ შეშვებაზე და მათი მონაცემები სისტემაში ჩაიწერა. შედეგად, თუ ასეთი პირები შეეცდებიან ევროპის სხვა ქვეყანაში შევლას, სასაზღვრო სამსახურები დაინახავენ მისთვის უარის თქმის შესახებ ჩანაწერს.

EES-ით შეგროვებული ბიომეტრიული მონაცემების დახმარებით, ამიერიდან უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი პირადი მონაცემების გაყალბების გამოვლენა. თითოეული ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას, პირის თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულება შედარდება სისტემაში შენახულ ბიომეტრიულ მონაცემებს.

ბოლო თვეების განმავლობაში შენგენის ქვეყნებში დაფიქსირდა პირის მიერ განსხვავებული პირადი მონაცემებით საზღვრის კვეთის რამდენიმე მცდელობა.

ბოლო ასეთი შემთხვევა იყო რუმინეთში, სადაც მესაზღვრეებმა მოიძიეს ბიომეტრიული მონაცემები პირზე, რომელსაც ორი - განსხვავებული პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტი ჰქონდა. შემდგომმა გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ პირს შენგენის ზონის სხვადასხვა ქვეყნის მიერ სამჯერ ეთქვა უარი საზღვრის კვეთაზე. EES-ის ბიომეტრიული იდენტიფიკაციის გამოყენების გარეშე, პირადი მონაცემების გაყალბების ეს შემთხვევა, დიდი ალბათობით, ვერ გამოვლინდებოდა.

ახალი სისტემის სრულფასოვნად ამოქმედების პირველ ეტაპზე მოსალოდნელია აეროპორტებსა და პორტებში მგზავრების ჩვეულებრივზე ხანგრძლივად დაყოვნება.

ჩვეულებრივ, შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი მოქმედებს, თუმცა უსაფრთხოების მწვავე გამოწვევების ფონზე, ზონაში შემავალმა ქვეყნებმა შესაძლოა დროებით აღადგინონ შიდა საზღვრებზე საპასპორტო კონტროლი.

"შენგენის სასაზღვრო კოდექსი" (SBC) წევრ სახელმწიფოებს ნებას რთავს, საზოგადოებრივი წესრიგისთვის სერიოზული საფრთხის არსებობის შემთხვევაში, დროებით დააწესონ სასაზღვრო კონტროლი მათ შიდა საზღვარზე მთლიანად, ან განსაზღვრულ მონაკვეთზე. ამ ზომას ქვეყანამ უნდა მიმართოს უკიდურეს შემთხვევაში და დაცული უნდა იყოს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპი, ის უნდა იყოს დროებითი და მისი მოქმედების ვადა განსაზღვრული უნდა იყოს შენგენის ზონის წევრი ქვეყნის კანონმდებლობით. შიდა საზღვრის კონტროლის დაწესება წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია, თუმცა მის განხორციელებაზე ზედამხედველობა და შემდგომი საჭიროების შეფასება ევალება ევროკომისიას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG