უკრაინის ხელისუფლების მიერ 31 მარტის დილისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა პოლტავაში, სადაც დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი. ერთი დაჭრილია ოდესაში, სადაც დრონი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ აივანს მოხვდა. საოლქო ადმინისტრაციების ინფორმაციით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტები.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 30 მარტის საღამოდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 289 უპილოტო საფრენი აპარატით. 31 მარტს, ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის საჰაერო ძალების სარდლობას დადასტურებული ჰქონდა 267 რუსული დრონის მოგერიება და ოცით პირდაპირი დარტყმა 11 ადგილზე.
დღეს დილით კიევში ჩავიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.
მისი განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო, ფინანსურ, ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას და მის ხელთ არსებულ ყველა ზომას გამოიყენებს, რათა რუსეთმა პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის.
- უნგრეთის ვეტოს გამო ევროკავშირი ვერ ახერხებს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფას. ბუდაპეშტი აცხადებს, რომ კიევისთვის კრედიტის მიცემას არ დასთანხმდება, სანამ არ განახლდება მილსადენ „დრუჟბით“ უკრაინის გავლით უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება.
- 27 მარტს სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ თუ უკრაინა ევროკავშირის კრედიტს ვერ მიიღებს, ივნისში შესაძლოა, სამოქალაქო ხარჯები ბიუჯეტიდან ვეღარ დაფაროს.
ფორუმი