Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უსტ-ლუგის პორტზე ისევ შეტევა იყო

ხანძარი უსტ-ლუგის პორტში. 2026 წლის 27 მარტი
ხანძარი უსტ-ლუგის პორტში. 2026 წლის 27 მარტი

გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის ლენინგრადის ოლქის რამდენიმე რაიონში, მათ შორის ბალტიის ზღვაზე, ფინეთის ყურეში მდებარე უსტ-ლუგის პორტში, რომელიც ბოლო დღეებში არაერთხელ იქცა უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნედ.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის ცნობით, 31 მარტს, მოსკოვის დროით დილის ექვსი საათისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რეგიონში ჩამოაგდო 40-მდე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ დაადასტურა, რომ უსტ-ლუგის პორტში დაზიანებებია. მისივე ცნობით, კიროვის რაიონის დაბა მოლოდცოვოში დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაზიანებულია სამი სახლი, სკოლა და სოციალური დაცვის ცენტრის შენობა.

ბოლო დღეებში უსტ-ლუგის საზღვაო სავაჭრო პორტზე არაერთი შეტევა იყო. 25 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ დაარტყეს უსტ-ლუგაში მდებარე ქარხანას, რომელიც კომპანია „ნოვატეკს“ ეკუთვნის.

  • ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ სანქცირებული „ნოვატეკი“ რუსეთში გაზის მომპოვებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. მისი კომპლექსი, რომელიც უსტ-ლუგაში მდებარეობს, დაკავებულია გაზის კონდენსატის გადამუშავებითა და ნავთობპროდუქტების ექსპორტით.

უსტ-ლუგის პორტში ხანძარი 27 მარტს გაძლიერდა სავარაუდოდ, დრონებით მორიგი შეტევის შედეგად. პორტში ძლიერი ხანძრის კვამლი ფინეთიდანაც ჩანდა.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემის, ASTRA-ს წყაროთა ცნობით, 29 მარტს, მორიგი შეტევის შედეგად პორტში დაზიანდა სამი რეზერვუარი და კომპანია „პორტენერგოს“ ტერმინალის მისადგომი.

უსტ-ლუგის პორტამდე, 23 მარტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ლენინგრადის ოლქში მდებარე პრიმორსკის პორტის ნავთობტერმინალს.

  • პრიმორსკი და უსტ-ლუგა რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში უმსხვილესი პორტებია, საიდანაც დღე-ღამეში ორი მილიონი ბარელი ნავთობი იგზავნებოდა.

უკრაინამ რუსეთის პორტებზე, საიდანაც ნავთობის ექსპორტი ხდება, შეტევა გაააქტიურა იმ პერიოდში, როცა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციამ და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დაბლოკვამ მსოფლიო ბაზარზე საწვავის მიწოდების პრობლემა და ნავთობის გაძვირება გამოიწვია.

შექმნილი ვითარების გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დროებით მოხსნა უკრაინაში ომის გამო რუსული ნავთობისთვის დაწესებული სანქციები.

  • უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG