Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციის ცნობით,„რუსულ სახლზე“ თავდასხმა აღიარა

პრაღაში „რუსულ სახლს“ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები 26 მარტს ესროლეს
პრაღაში „რუსულ სახლს“ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები 26 მარტს ესროლეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია „რუსულ სახლზე“ თავდასხმაში. რუსეთის ხელისუფლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილ „სახლებს" პროპაგანდისთვისაც იყენებს.

  • რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრს, ე.წ. რუსულ სახლს პრაღაში 26 მარტს ღამით ესროლეს „მოლოტოვის კოქტეილად" წოდებული, აალებადი სითხის შემცველი ბოთლები.

პრაღის პოლიციამ დღეს, 31 მარტს განაცხადა, რომ გასულ საღამოს დააკავეს მამაკაცი, რომელიც პოლიციას თავად ჩაბარდა და თავდასხმა აღიარა.

პოლიციის თანახმად, დაკავებული მამაკაცი უცხოელია, რომლის ჩვენებით, თავდასხმას 2025 წლის ზაფხულიდან გეგმავდა და ამზადებდა. პრაღის პოლიცია დაკავებულის მოქალაქეობას არ აკონკრეტებს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით „რუსული სახლის“ შენობის დაზიანების შემდეგ პრაღის პოლიციამ გამოძიება სხვისი ქონების დაზიანების მუხლით დაიწყო. „რუსული სახლის“ ხელმძღვანელმა იგორ გირენკომ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ 27 მარტს განუცხადა, რომ შენობას ესროლეს ექვსი „მოლოტოვის კოქტეილი“, რომელთაგან სამი არ აფეთქდა.

  • უცხოეთის ქვეყნებში მოქმედი „რუსული სახლები“ რუსეთის ფედერალური სააგენტოს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ სისტემის ნაწილია.
  • სააგენტოს ოფიციალურ საიტზე მთავარ მისიად მითითებულია „მსოფლიოში რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაძლიერება“. ფედერალური სააგენტოს თანახმად, მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 80-ზე მეტი წარმომადგენლობა აქვთ.

„როსსოტრუდნიჩესტვოს“ წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მიუხედავად ბევრ ქვეყანაში „რუსული სახლები“ არ დაუხურავთ, რადგან, როგორც წესი, მათი საქმიანობა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებით რეგულირდება.

აქტივისტები და გამომძიებელი ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ, რომ კულტურული ღონისძიებების ორგანიზების გარდა „რუსული სახლების“ საქმიანობა მიმართულია კრემლის ნარატივების გასავრცელებლად, მათ შორის უკრაინაში ომის შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG