Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში შეხვედრაზე აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მოთხოვნაც განიხილეს

თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც სოფელ ერგნეთში დღეს, 31 მარტს, გაიმართა, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საკითხიც - მას ახალგორში, თავის სახლში დაბრუნება სურს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, საკითხი ქართულმა მხარემ საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით წამოჭრა.

ანთაძის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა "ყველანაირად თავი აარიდეს დეტალებში შესვლისგან".

"მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს საკითხი დგება. ვინაიდან აქტიურად გამოიყენებოდა "ცხელი ხაზის" მექანიზმი და ჩართული იყვნენ თანათავმჯდომარეები მისი უკანონო დაკავებისა და შემდეგ ე.წ. გამოძევების პირველივე დღიდან. ეს საკითხი განხილულ იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის წინა შეხვედრაზე, ასევე შეხვედრებს შორის პერიოდში იყო აქტიური კომუნიკაცია თანათავმჯდომარეების მხრიდან როგორც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის, ასევე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან. ეს იყო პირადი კომუნიკაცია, ასევე სატელეფონო კომუნიკაცია.

დისკუსია დამთავრდა შემდეგი გზავნილით: ყველანაირად თავი აარიდეს დეტალებში შესვლისგან. რაც შეეხება მთავარ მოთხოვნას, რომ თამარ მეარაყიშვილი დაბრუნდეს საკუთარ სახლში, პრაქტიკულად, შემიძლია ვთქვა, რომ თავი აარიდეს ამ საკითხის განხილვას და დააფიქსირეს ნეგატიური პოზიცია", - თქვა ანთაძემ.

თამარ მეარაყიშვილი 2025 წლის 22 დეკემბერს დააკავეს და „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ დაადანაშაულეს, ხოლო 31 დეკემბერს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოაძევეს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა ირიბად აღიარა, რომ მეარაყიშვილის დაკავება დაკავშირებული იყო მის გეგმებთან, გაემართა ერთკაციანი საპროტესტო აქცია ცხინვალის ცენტრში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის შემდეგ, რომელიც 2026 წლის 18-19 მარტს გაიმართა, რადიო თავისუფლება დაინტერესდა, განიხილეს თუ არა შეხვედრაზე მეარაყიშვილის საკითხი. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის/ჟენევის მოლაპარაკებების ევროკავშირის თანათავმჯდომარეობის წარმომადგენლის პრესსამსახურში, კერძოდ, განაცხადეს:

"ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ყურადღებით აკვირდებიან თამარ მეარაყიშვილთან დაკავშირებულ ვითარებას როგორც მანამდე, ისე 2025 წლის 31 დეკემბერს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შემდეგ“.

„მისი მდგომარეობა განიხილეს ჟენევის დისკუსიების როგორც ქართველ, ასევე სამხრეთ ოსეთიდან წარმოდგენილ მონაწილეებთან კონტაქტების დროს. საკითხის მგრძნობელობის გათვალისწინებით, თავს შევიკავებ შემდგომი კომენტარისგან“.

სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება და შინ დაბრუნებას ითხოვს, არ გამორიცხავდა ერგნეთში საპროტესტო აქციის გამართვას დაბრუნების უფლების მოთხოვნით.

ქართული მხარის ცნობით, ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ცხინვალში ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 11 მოქალაქის გათავისუფლების საკითხი.

"საუბარი შეეხო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებას ამ კუთხით, სამწუხაროდ, არსებითი ძვრები არ არის და ვერ მივიღეთ ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში ეს იქნება შესაძლებელი. თუმცა გრძელდება მუშაობა, რომ თითოეული მათგანი დაბრუნდეს საკუთარ სახლებში. განვიხილეთ ასევე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში", - თქვა ანთაძე. მისი ინფორმაციით, ერგნეთში გამართული ბოლო შეხვედრიდან დღემდე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG