სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საფრანგეთი და იტალია ესპანეთს შეუერთდნენ აშშ-ისრაელის საომარი ოპერაციებისთვის წინააღმდეგობის გაწევის პროცესში - იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოში ევროპელი მოკავშირეები გამოარჩია და მათი მხრიდან დახმარების ნაკლებობაზე ილაპარაკა ირანის წინააღმდეგ ომში. მიმდინარე თვეში ტრამპმა ნატოელ მოკავშირეებს "ლაჩრები" უწოდა, ირანის წინააღმდეგ არასაკმარისი მხარდაჭერის აღმოჩენისთვის. 31 მარტს მან მძაფრად გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც აშშ-სა და ისრაელს არ ეხმარებიან ირანის წინააღმდეგ ომში.
"საფრანგეთის სახელმწიფომ არ გასცა უფლება, ისრაელისკენ მიმავალ, სამხედრო მასალებით დატვირთულ თვითმფრინავებს საფრანგეთის ტერიტორიაზე გადაეფრინათ. საფრანგეთმა ნამდვილად არ გასწია დახმარება 'ირანის ყასბის' წინააღმდეგ, რომელიც წარმატებით იქნა განადგურებული! აშშ ამას დაიმახსოვრებს!!!" - წერს ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე.
სააგენტო Reuters-ს დასავლელმა დიპლომატმა და კიდევ ორმა წყარომ აცნობეს, რომ საფრანგეთმა ისრაელს არ მისცა უფლება, მისი საჰაერო სივრცე გამოეყენებინა ამერიკული იარაღის გადაზიდვისთვის, ირანის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.
წყაროთა ცნობით, უარი, რომელიც შაბათ-კვირას ითქვა, იყო პირველი ასეთი ნაბიჯი საფრანგეთის მხრიდან მას მერე, რაც აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს. სააგენტო დასძენს, რომ კომენტარის თხოვნაზე ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია საფრანგეთის ოფიციალური უწყებებისგან.
იტალიამ გასულ კვირაში უთხრა უარი აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიაში, სიგონელას სამხედრო ბაზაზე დაჯდომაზე - თვითმფრინავებს ამის შემდეგ გეზი ახლო აღმოსავლეთისკენ უნდა აეღოთ, წერს სააგენტო ასევე წყაროებზე დაყრდნობით.
ესპანეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ თავისი საჰაერო სივრცე დახურა ირანზე თავდასხმებში მონაწილე აშშ-ის თვითმფრინავებისთვის. პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აშშ-ისრაელის ამ სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია.
ტრამპმა სამშაბათს დიდი ბრიტანეთიც ახსენა - როგორც დახმარების არმოსურნე სამხედრო ოპერაციაში. პარალელურად, დიდი ბრიტანეთი ადასტურებს, რომ აპრილის ბოლოს აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრებიან მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა.
აშშ, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი ნატოელი მოკავშირეები არიან.
ფორუმი