Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში ნავთობი და გაზი 60-70%-ით გაძვირდა ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ

ევროკავშირის დროშები ევროკომისიის შენობასთან, ბრიუსელში
ევროკავშირის დროშები ევროკომისიის შენობასთან, ბრიუსელში

ევროკომისია მოელის, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ენერგობაზარზე შექმნილი კრიზისი მოკლევადიანი არ იქნება და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კოორდინირებული მოქმედებებისკენ მოუწოდებს.

  • ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, 2026 წლის 28 თებერვლიდან ევროკავშირში საწვავის იმპორტის ხარჯები 14 მილიარდი ევროთი გაიზარდა.
  • გაზი დაახლოებით 70%-ით გაძვირდა, ხოლო ნავთობი - 60%-ით.

ეს მონაცემები ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში დან იორგენსენმა 31 მარტს მოიყვანა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკის მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე.

ევროკომისრის თანახმად, სიტუაცია სერიოზულია და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ნავთობის და გაზის მწვავე დეფიციტი არ არის, სიტუაცია გაუარესებულია დიზელის და საავიაციო საწვავის ბაზარზე, გაზის მსოფლიო ბაზარზე შეზღუდვების გაძლიერება კი გავლენას ახდენს ელექტროენერგიის ფასზე.

ევროკომისარ იორგენსენის განცხადებით, არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ენერგობაზრებისთვის კრიზისის შედეგები მოკლევადიანი იქნება, ამიტომ ევროპამ მჭიდრო კოორდინაციით უნდა იმოქმედოს, მიზანმიმართული ზომები მიიღოს და არ დაუშვას მოთხოვნა-მიწოდების პირობების გაუარესება.

იორგენსენის ინფორმაციით, ევროკომისიის მხრიდან უკვე კოორდინირებულია მოქმედება გაზის საცავების შევსებისა და ნავთობის უსაფრთხოდ მიწოდების უზრუნველსაყოფად და მზადდება ზომების პაკეტი, რომელსაც წევრ სახელმწიფოებს უახლოეს ხანში წარუდგენენ.

ევროკომისრის შეფასებით, დღევანდელი კრიზისიც აჩვენებს, რომ ევროპაზე დიდ გავლენას ახდენს ნავთობის საგარეო ბაზრებზე შექმნილი არასტაბილურობა, რადგან ევროპის ქვეყნები ნავთობის იმპორტზე არიან დამოკიდებული, ამიტომ აუცილებელია რეალური ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება. იორგენსენმა წინსვლის ერთადერთ გზად დაასახელა ადგილობრივი წარმოების განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკა, მოდერნიზებული სისტემები და ენერგოეფექტიანობა.

ენერგობაზრებზე შექმნილი კრიზისის გამო ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, განიხილონ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ შემუშავებული ეკონომიის გეგმაც.

ამ გეგმის ათ პუნქტს შორისაა დიდ ქალაქებში ავტომობილების როტაციით მოძრაობა, პირადი ავტომანქანის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, შეძლებისდაგვარად უარის თქმა თვითმფრინავით მგზავრობაზე, სახლიდან დისტანციურად მუშაობა და ა.შ.

  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
  • ენერგობაზარზე შექმნილი კრიზისის გამო შეერთებულმა შტატებმა სანქციები დროებით მოუხსნა რუსული და ირანული ნავთობის ნაწილს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG