გამოცემის მიერ 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს გადაწყვეტილება "უდოს კომისიამ" მიიღო ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების დადებითი დასკვნის მიუხედავად. „კომისია“/საბჭომ დასკვნაში დაწერა:
მზია ამაღლობელის გათავისუფლება „იქნება იმ მრავალრიცხოვანი სამართალდამცავების უპატივცემულობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის მართლწესრიგისა და კანონისადმი პატივისცემას“.
მზია ამაღლობელს, - რომელიც 2025 წლის 11-12 იანვრის მიჯნაზე დააპატიმრეს პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, - ორი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
მან უკვე გაატარა წელიწადი და სამი თვე პატიმრობაში, რასაც ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე ევროკავშირი, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
დადებითი რეკომენდაცია
„უდოს კომისია“ არაფორმალური სახელია. ფორმალურად მას ჰქვია „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭო“.
როგორც „ბათუმელები“ წერს, შუამდგომლობა ამაღლობელის გათავისუფლების შესახებ ციხის ადმინისტრაციამ დააყენა და დადებითი რეკომენდაციაც დაწერა. კერძოდ:
- „ამაღლობელი ძირითადად სარგებლობს საბიბლიოთეკო მომსახურებით, თავისუფალ დროს დაკავებულია კითხვით და წერით.
- დაასრულა იაპონური ენის შემსწავლელი ონლაინ კურსი.
- აღიარებს მომხდარ ფაქტს, თუმცა ამ შემთხვევას არ მიაკუთვნებს სისხლის სამართლის დანაშაულს.
- არის კეთილგანწყობილი თანამოსაუბრის მიმართ...
- აქვს მომავლის გეგმები. პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება, უნდა აღიდგინოს შრომისუნარიანობა, ასევე გააგრძელოს მოღვაწეობა პროფესიულ ნიშაში...
- კარგი ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულებთან, არ არის კონფლიქტური, თავაზიანია თანამშრომლებთან მიმართებაში. წარსულში არ არის ნასამართლევი“.
„ბათუმელების“ ცნობითვე, შუამდგომლობა 2026 წლის 9 მარტს განიხილა "პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ", ხოლო ამაღლობელს 30 მარტს ჩაბარდა.
რას წერს „უდოს კომისია“
„უდოს კომისია“ დასკვნაში წერს:
„პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მზია ამაღლობელი დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას – ანუ კვლავ დემონსტრაციულად რჩება იმ აზრზე, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს“.
როგორც გამოცემა მიუთითებს, ამას საბჭო წერს იმის მიუხედავად, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის საქართველოს კანონმდებლობა არ ითხოვს დანაშაულის აღიარებას ან სინანულს.
საბჭო ასევე ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება „იქნება იმ მრავალრიცხოვანი სამართალდამცავების უპატივცემულობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის მართლწესრიგისა და კანონისადმი პატივისცემას“.
ვინ იყვნენ საბჭოს წევრები
„კომისია“/საბჭოს აკომპლექტებდა 4 წევრი:
- საბჭოს თავმჯდომარე თამარ გელოვანი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი;
- მარინა ყუფარაძე - სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი;
- ხატია თადიაშვილი - პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი;
- დავით ბუღაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი.
ამაღლობელის საქმე და საჩივრები სტრასბურგში
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი, - განაცხადა 2 აპრილს მისი ინტერესების დამცველმა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.
მზია ამაღლობელს სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ორი დავა აქვს წამოწყებული:
- აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენება;
- ადმინისტრაციული დაკავება და მასთან დაკავშირებული საკითხები.
2025 წლის 6 აგვისტოს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
- მზია ამაღლობელის განაჩენი ერთობლივად დაგმეს 24 ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და მას „არაპროპორციული და პოლიტიზებული“ უწოდეს.
- პატიმრობაში ყოფნისას და ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობა შეირყა. ჟურნალისტმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.
- 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.
ფორუმი