„ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მშვიდი და სტაბილური ვითარების მხარდაჭერისთვის, ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა მაქსიმალური ძალისხმევის ფასად შეინარჩუნონ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველო კვლავ არის ღია აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის“.
პრესსამსახურის ცნობითვე, ილჰამ ალიევმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის:
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, სტაბილური და საინტერესო ადგილი ინვესტიციებისთვის. პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ პროექტებზე, ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების ექსპორტის პროცესში.
ილჰამ ალიევმა დაადასტურა მზაობა, რომ ერთობლივად გაგრძელდეს მუშაობა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობის დროს ბიზნესცენტრში იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მისი სამთავრობო გუნდი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე.
მანამდე ალიევი კობახიძესა და ყაველაშვილს შეხვდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც დღეს, 6 აპრილს თბილისში მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად ეწვია, შეხვდა ირაკლი კობახიძესა და კოლეგა მიხეილ ყაველაშვილს.
„ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს“, - განაცხადა ალიევმა 6 აპრილს თბილისში ვიზიტისას ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენციისას.
ვიზიტის ფონი: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაძევება
ალიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 5 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან სამშობლოში გააძევა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელსაც მანამდე თავშესაფარზე უარი უთხრა. ამით შსს-მ დაუყოვნებლივ აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის მიერ ღამის 04:00 საათზე მიღებული გადაწყვეტილება.
ჟურნალისტი 2020-2023 წელს აზერბაიჯანში გამოძალვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, შეწყალების შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა. სადიგოვი აცხადებდა, რომ მისი დევნა აზერბაიჯანში მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.
სადიგოვი თბილისში, 4 აპრილს პოლიციამ დააკავა. მას ედავებოდნენ სამართალდარღვევას, პოლიციელის სოციალური ქსელით შეურაცხყოფას.
მოსამართლემ სადიგოვს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში შემოსვლა სამი წლით აუკრძალა.
ამ გადაწყვეტილებასა და მის დაკავებას საფუძვლად დაედო 1 აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:
„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, - ამ პოსტს თან ერთოდა ვიდეოები, რომელშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.
ფორუმი