„ვინ არის ნაცემი?! ნაცემის არაფერი ეტყობა… მე არაფერი არ ვიცი“, - განუცხადა ზვიად ხარაზიშვილმა 10 აპრილს ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტიორს სატელეფონო საუბრისას.
ხარაზიშვილმა მოკლე სატელეფონო საუბარში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ აღნიშნული პირი „ნაცემი არ არის“.
„მე რაც ვნახე, ნაცემი ეგ ადამიანი საერთოდ არ არის. სისხლი უსვია ადამიანს სახეზე, მეტი მე ვერაფერი დავინახე“, - თქვა ხარაზიშვილმა.
კითხვაზე, - „თქვენებიდან არავინ არ ყოფილა?“ „ელოდებით, რომ ვინმეს დააკავებენ?“ - ხარაზიშვილმა უპასუხა: „რატო უნდა დააკავონ?! სპეცრაზმელების გაკეთებული საქმე არ არის“.
„მაგ საკითხზე მე ნუ მელაპარაკებით, ჩემი საქმე არაფერი არ არის“, - თქვა მან.
რა ხდება
10 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც:
- ნაცემია მოქალაქე გიორგი უბილავა, - ახალგაზრდა კაცი, რომელიც, ამავე მედიის ცნობით, არის ექსმაღალჩინოსან გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრი;
- ტელევიზიამ უბილავას ფოტო გამოაქვეყნა - ამ ფოტოზე გამოსახულ ახალგაზრდა კაცს სისხლიანი სახე აქვს; ტელევიზია ამბობს, რომ მას დიდ დიღომში „გუდვილთან“ დაესხნენ თავს;
- უბილავამ მათ უთხრა : „საიდან მოიტანეთ? არაფერს არ ვადასტურებ... არაფერი არ მომხდარა, ზღაპარია რაღაცა“
- მედიასთან არ საუბრობს არც გიორგი შინჯიკაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.
როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ის პრესცენტრში უთხრეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
- გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილეა; მან პოსტი 2025 წლის მაისში დატოვა;
- იმ დროს მედიაში ვრცელდებოდა ცნობები ხარაზიშვილი-შინჯიკაშვილის სავარაუდო დაპირისპირების, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების თაობაზე.
- ტელევიზიების გავრცელებულ კადრებში ჩანდა სოფელ მარტყოფში, შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული რამდენიმე ავტომანქანა და ათობით ადამიანი - მათი ცნობით, ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში იცავდნენ შინჯიკაშვილის ოჯახს.
დღეს ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე ამის შესახებ, ზვიად ხარაზიშვილმა განაცხადა:
„არ არის თქვენი საქმე, მე არავისთან არც კონფლიქტი მქონია და არც შერიგება და არც „ვაფშე“ არაფერი“.
ზვიად ხარაზიშვილმა გდდ-ის უფროსის თანამდებობა 2025 წლის 10 ივნისს დატოვა.
მას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული აქციების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.
ორივე ამ ქვეყნის სანქცია ჰქონდა ყოფილ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც, რომელმაც თანამდებობა 28 მაისს დატოვა.
2026 წლის იანვარში ხარაზიშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ „სისტემიდან თავისი ნებით წავიდა“ და „არც აპირებს არსად დაბრუნებას“.
ფორუმი