Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში დასრულდა საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრა, ლიდერობს ოპოზიციური "ტისა"

ბუდაპეშტის ქუჩები საპარლამენტო არჩევნების დღეს. 12 აპრილი, 2026.
ბუდაპეშტის ქუჩები საპარლამენტო არჩევნების დღეს. 12 აპრილი, 2026.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში დასრულდა კენჭისყრა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე (თბილისი დროით 21:00) დაიხურა.

როგორც უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია (NVI) იტყობინება, მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 77,80%-მა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. როგორც BBC აღნიშნავს, წინა არჩევნებში, 2022 წელს, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლები იყო.

მიმდინარეობს ხმების დათვლა. ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ მომენტისთვის დათვლილია ბიულეტენების მიხედვით (დაახლოებით 29%) ოპოზიციურ პარტია „ტისას“, რომელსაც პეტერ მადიარი უდგას სათავეში, 132 ადგილი ექნებოდა 199-ადგილიან პარლამენტში. ის საგრძნობლად უსწრებს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველ პარტია "ფიდესს" (59 ადგილი).

62 წლის ორბანი 2010 წლიდან მოყოლებული არის ხელისუფლების სათავეში. წლევანდელ არჩევნებში 45 წლის მადიარის სახით პირველად გამოჩნდა ოპოზიციონერი კანდიდატი, რომელსაც შესწევს უნარი, გაიმარჯვოს.

სულ არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს, თუმცა რეალური კონკურენტი ორია: ვიქტორ ორბანის „ფიდესი“, რომელიც ქვეყანას უკვე 16 წელია მართავს, და პეტერ მადიარის „ტისა“.

დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევები ოპოზიციის დამაჯერებელ გამარჯვებას წინასწარმეტყველებენ.

კენჭისყრის შემდეგ ოფიციალური ეგზიტ პოლების შედეგები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევები ოპოზიციის დამაჯერებელ გამარჯვებას წინასწარმეტყველებენ.

არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას როგორც კონკრეტულ კანდიდატს (ერთმანდატიან ოლქში), ასევე პარტიულ სიას. 199 მანდატიდან 106 ნაწილდება მაჟორიტარულ ოლქებში ხმათა უბრალო უმრავლესობით, დანარჩენი 93 კი - პროპორციულად.

პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადალახონ ხუთპროცენტიანი ბარიერი. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG