Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ფედერალისტები”: “უნგრეთის გაძლიერება და წინსვლა ქართველი ხალხისა და მთელი თავისუფალი სამყაროს ინტერესშია”

თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია, პარტია "ფედერერალისტები"
თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია, პარტია "ფედერერალისტები"

პარტია “ფედერალისტები” სოციალურ ქსელ Facebook-ზე ულოცავს უნგრელ უნგრელ ხალხს 12 აპრილის არჩევნებში ოპოზიციის ლიდერის, პეტერ მადიარის გამარჯვებას.

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რომელმაც 16 წლის შემდეგ პირველმა შეძლო ორბანის ხელისუფლების დამარცხება.

უნგრეთი დასავლური ცივილიზაციის ინტეგრალური ნაწილია, მისი გაძლიერება და წინსვლა ქართველი ხალხისა და მთელი თავისუფალი სამყაროს ინტერესშია.

ვუსურვებთ უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ტრანზიცია კიდევ უფრო შეასუსტებს რეგიონში პუტინის რუსეთის პოზიციებს და გააღრმავებს უსაფრთხოების სფეროში თავისუფალ ერთა თანამშრომლობას”, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხმების დათვლის წინასწარი შედეგების თანახმად, უნგრეთში 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს.

როგორც მადიარმა კვირას საღამოს დაწერა, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, მმართველი პარტია „ფიდესის“ ლიდერმა, უკვე მიულოცა მას გამარჯვება ტელეფონით.

ეროვნული საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ხმების 77%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, 199-ადგილიან პარლამენტში „ტისას“ შეუძლია 138 ადგილის მოპოვება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობაა. „ფიდესს“ 54 ადგილზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია. გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ „ტისას“ უპირატესობა ძირითადად განპირობებულია მისი კანდიდატების უპირატესობით მაჟორიტარულ ოლქებში, თუმცა მადიარის მხარდამჭერები პარტიულ სიებშიც აშკარა ლიდერობას ინარჩუნებენ.

ოფიციალური ეგზიტპოლები არ გამოქვეყნებულა, თუმცა „ტისა“ წინასაარჩევნო გამოკითხვების უმეტესობაში ლიდერობდა.

მრავალ კომენტარს უნგრეთის არჩევნები უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნია ევროკავშირში არსებული ვითარებისა და უკრაინის მხარდაჭერის გათვალისწინებით. ორბანის მთავრობა კონფლიქტში იყო კიევთან.

კენჭისყრაში აქტივობამ 77%-ს გადააჭარბა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 10 პროცენტით მეტია. ეს აქტივობა რეკორდულია, სულ მცირე, ბოლო 20 წლის განმავლობაში.

62 წლის ორბანი 2010 წლიდან მოყოლებული არის ხელისუფლების სათავეში. წლევანდელ არჩევნებში 45 წლის მადიარის სახით პირველად გამოჩნდა სერიოზული ოპოზიციონერი კანდიდატი.

სულ არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობდა, თუმცა რეალური კონკურენტი ორია: ვიქტორ ორბანის „ფიდესი“, რომელიც ქვეყანას უკვე 16 წელია მართავს, და პეტერ მადიარის „ტისა“.

დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევები ოპოზიციის დამაჯერებელ გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ.

არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა - ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას როგორც კონკრეტულ კანდიდატს (ერთმანდატიან ოლქში), ასევე პარტიულ სიას. 199 მანდატიდან 106 ნაწილდება მაჟორიტარულ ოლქებში ხმათა უბრალო უმრავლესობით, დანარჩენი 93 კი - პროპორციულად.

პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადალახონ ხუთპროცენტიანი ბარიერი. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG