„უნგრელმა ერმა არჩევნებში ტრიუმფალურად დაასრულა რეჟიმი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი, ნიჭიერი და გავლენიანი იყო ვიდრე ქოცური ოცნება...
უნგრელი ერის დაბრუნება ევროპაში არის მოსკოვის პირდაპირი მარცხი. დომინოს პრინციპით, სულ მალე, ჩვენ იმავეს ვნახავთ სლოვაკეთში, ჩეხეთში, სერბეთში და რა თქმა უნდა საქართველოში, სადაც კორუმპირებული რუსული სატელიტი, ქართველების თავს იძულებით მოხვეული ანტიქართული რეჟიმი დღემდე განაგრძობს ჩვენი ქვეყნის კორუფციაში ჩახრჩობას და რუსიფიკაციას“, - აცხადებს ის.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ მთავარია „ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ!“
მილოცვები საქართველოდან
პეტერ მადიარს, ამჟამად უნგრეთის ხელისუფლებაში მყოფი ვიქტორ ორბანის კონკურენტს გამარჯვება მიულოცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ:
„მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის“.
უფრო ადრე პეტერ მადიარს გამარჯვება მიულოცეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ოპოზიციურმა პარტიამ „ფედერალისტები“.
უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები
- ხმების დათვლის წინასწარი შედეგების თანახმად, უნგრეთში 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს;
- კენჭისყრაში აქტივობამ 77%-ს გადააჭარბა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 10 პროცენტით მეტია. ეს აქტივობა რეკორდულია, სულ მცირე, ბოლო 20 წლის განმავლობაში;
- 12 აპრილს, ღამით ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის სანაპიროზე მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მადიარმა ქვეყნისთვის ისტორიულ არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. უნგრელები გვიან ღამემდე ზეიმობდნენ მადიარის და „ტისას“ გამარჯვებას.
ფორუმი