„შეფასება აუცილებლად გვექნება ამაზე, იმიტომ რომ, როგორც თქვენ თქვით, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას. სამართლებრივ შესწავლას ვგულისხმობ და შესაბამისად, ამის შესახებ რა თქმა უნდა, პოზიცია გვექნება... ალბათ, ამაზე მეტის თქმას შევძლებ, როდესაც უკვე სამართლებრივად შევისწავლით კონკრეტულად იმ საკითხს, რამდენად სწორედ მოხდა მისი საქართველოდან გაძევება“, - თქვა ლევან იოსელიანმა.
„10 დღის შემდეგაც არ აქვს შეფასება“
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის ეს განცხადება შემაშფოთებელია.
„უმძიმეს, აშკარა და დემონსტრაციულ კონვენციურ დარღვევაზე სახალხო დამცველს 10 დღის შემდეგაც არ აქვს შეფასება, არც ერთი პოსტი ან განცხადება არ უდევს საკუთარ ვებ-გვერდზე და ახლა ამბობს, რომ მომავალში გვექნებაო. ეს ნორმალურია?..
ახლა, როცა უფლებადამცველების ქსელი ასეთი დაზიანებული და დასუსტებულია რეჟიმის მიერ, სახალხო დამცველი ამ დაყოვნებით და პასიურობით უნდა მუშაობდეს?“ - წერს თამთა მიქელაძე „ფეისბუქში“.
სწორედ მისი ორგანიზაცია იცავდა სადიგოვის უფლებებს საქართველოში ყოფნის დროს.
სადიგოვის გაძევება
6 აპრილს საქართველოში ჩამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი. მის ვიზიტს წინ უძღოდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის გაძევება სამშობლოში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
ბაქო მის გადაცემას 2024 წლიდან ითხოვდა.
ჟურნალისტი 2020-2023 წელს აზერბაიჯანში გამოძალვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, შეწყალების შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა. სადიგოვი აცხადებდა, რომ მისი დევნა აზერბაიჯანში მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.
გაძევების გადაწყვეტილება
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 5 აპრილს, გამთენიისას, 04:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:
- აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევების შესახებ;
- 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა „ფეისბუკში“ გამოქვეყნებული სტატუსის გამო, რადგან მიიჩნია, რომ ამით ჟურნალისტი ქართულ პოლიციას შეურაცხყოფდა;
- სამი წლის განმავლობაში აუკრძალა საქართველოში შემოსვლა.
ჟურნალისტის დაკავება
აფგან სადიგოვი 4 აპრილის ღამეს პოლიციამ დააკავა - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო. ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, - ეწერა სადო პოსტში, რომელსაც თან ერთოდა ვიდეოები, რომელშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.
სასამართლოს უარი
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სასამართლოში ითხოვდნენ, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორისთვის ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობა მიეცათ, რაც მანამდეც დაუყენებიათ:
„სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა... ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის“.
სადიგოვი თბილისში
აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.
სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს. წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.
ფორუმი