Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის სიტყვიერი თავდასხმის შემდეგ, პაპმა ლეონ XIV-მ პატივი მიაგო ალჟირში ნეტარ ავგუსტინეს, რომელიც ომებს გმობდა

 რომის პაპმა ლეონ XIV ალჟირში. 13 აპრილი. 2026 წელი
რომის პაპმა ლეონ XIV ალჟირში. 13 აპრილი. 2026 წელი

14 აპრილს რომის პაპი ლეონ XIV ნეტარი ავგუსტინეს უძველეს სამშობლოში გაემგზავრა.

სწორედ ნეტარი ავგუსტინე იყო მისთვის შთაგონების წყარო, გამხდარიყო სასულიერო პირი.

პირველმა ამერიკელმა პაპმა, ირანის ომის მწვავე კრიტიკის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რისხვა გამოიწვია.

ნეტარი ავგუსტინესთვის პატივის მიგებისას, ლეონ XIV-მ განსაკუთრებით აღნიშნა თავისი სულიერი კავშირი ადრეული ეკლესიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურასთან, რომელმაც პირველმა შემოგვთავაზა კრიტერიუმები იმის შესაფასებლად, შეიძლებოდა თუ არა ომების სამართლიანად მიჩნევა.

ნეტარი ავგუსტინე, რომელიც 430 წელს გარდაიცვალა, თვლიდა, რომ ომები მხოლოდ აგრესიისგან თავის დასაცავად ან უდანაშაულოების დასაცავად უნდა მოხდეს, მშვიდობის აღდგენის მიზნით, და არასდროს - სისასტიკის სურვილით.

ეს კრიტერიუმები, განახლებებით, კათოლიკურ დოქტრინად რჩება. ირანის ომის ზოგიერთ ოპონენტს ეს კრიტერიუმები მოჰყავს იმის დასამტკიცებლად, რომ კონფლიქტი, რომელიც 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმებით დაიწყო, უსამართლოა.

ამ მოწინააღმდეგეებს შორისაა ვაშინგტონის კარდინალი, რობერტ მაკელროიც. მან კვირას განაცხადა, რომ ომი „მორალურად უკანონო“ იყო და ნეტარი ავგუსტინეს პრინციპები მოიყვანა.

ლეონ XIV-მ, რომელიც ათი დღით აფრიკის ოთხ ქვეყანაში მოგზაურობს, Reuters-ს განუცხადა, რომ ტრამპის კომენტარების მიუხედავად, ის კვლავაც გააგრძელებს ომის კრიტიკას.

ალჟირის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჰიპოს (დღევანდელი ანაბა) ნანგრევების მონახულებისას, მან კომენტარი არ გააკეთა. მსუბუქი წვიმის დროს მან ნანგრევები ყვითელი და თეთრი ვარდების გვირგვინით შეამკო და რამდენიმე ალჟირელ მუსლიმ სკაუტს, რომლებსაც ყავისფერი ფორმები ეცვათ, ნერგის დარგვაში დაეხმარა.

სამშაბათს ახლომდებარე მოხუცებულთა სახლში, რომელსაც კათოლიკე დები უდგანან სათავეში, მოგვიანებით გამართულ შეხვედრაზე, ავგუსტინელების რელიგიური ორდენის წევრი რომის პაპი კვლავ გამოვიდა სიტყვით.

„ღვთის გული ომებით, ძალადობით, უსამართლობითა და ტყუილით არის გახლეჩილი“, - უთხრა ლეონ XIV-მ ორდენის “ღარიბთა პატარა დების” სახლის მაცხოვრებლებს. - „ჩვენი მამის გული არ არის ბოროტების, ამპარტავნების ან ქედმაღლების მხარეს“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG