15 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რუსეთს რა თქმა უნდა, შეუძლია შეავსოს რესურსების დანაკლისი, რომელიც შეექმნათ ჩინეთს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მუშაობით თანასწორუფლებიან და ურთიერთმომგებიან საფუძველზე“.
ლავროვის თქმით, რუსეთს და ჩინეთს აქვთ შესაძლებლობები, რათა დამოკიდებული არ იყვნენ „აგრესიულ ავანტიურებზე, რომლებიც აზიანებენ მსოფლიო ეკონომიკას, მსოფლიო ენერგეტიკას“.
- 2026 წლის 28 თებერვლის შემდეგ, როცა შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
- რუსეთის ნავთობის და გაზის სექტორი დასავლეთის სახელმწიფოების მიერაა სანქცირებული უკრაინაში ომის გამო.
- ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შედეგად მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე შექმნილი არასტაბილურობის გამო შეერთებულმა შტატებმა 12 მარტს ერთი თვით მოუხსნა სანქციები რუსული ნავთობის ნაწილს. ეს ვადა უკვე ამოწურულია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პეკინში ოფიციალური ვიზიტით 14 აპრილს ჩავიდა. იმავე დღეს ჩინელ კოლეგა ვან ის შეხვდა, 15 აპრილს კი ჩინეთის მეთაურს, სი ძინპინს.
რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინპინთან შეხვედრისას სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა „სტაბილიზატორის როლს ასრულებს მსოფლიოს საქმეებში“ და ეს ურთიერთობები „ურყევია ნებისმიერი ქარიშხლის წინაშე".
ლავროვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩინეთს ეწვევა 2026 წლის პირველი ნახევრის ბოლომდე.
ფორუმი