შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც არიან გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ბრის როკფეი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონი ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შეხვდა.
"მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მიმოიხილეს, ხაზი გაესვა კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას" - ითქვა, რომ საქართველო ადასტურებს მზაობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის.
"საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ასევე გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.
შეხვედრის კომენტირებისას "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა დეპუტატმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ შეხვედრაზე ერთმანეთს გადასცეს მთავარი გზავნილები, "რომ დიალოგი არის აუცილებელი".
ევროკავშირსა და თბილისს შორის, ამ ეტაპზე, მაღალი დონის დიალოგი შეჩერებულია.
დღესვე 16 აპრილს დელეგაცია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა ოპოზიციასთან
შეხვედრის დასრულების შემდეგ ანალიტიკური ორგანიზაციის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ჯერ საქართველო - Georgia First-ის“ თანადამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით,„ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, პარტნიორობასა და მომავალზე“ ისაუბრეს.
მედიასთან საუბარში ყიფიანმა თქვა, რომ დელეგაციის წევრებს "ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე როგორც შიდა პოლიტიკურზე, მათ შორის ევროპასთან თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივებზე" მოსაზრებების მოსმენა აინტერესებდათ.
„ვისაუბრეთ ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, პარტნიორობაზე, მომავალზე. ითქვა ის, რომ როგორც ქვეყნის პარტნიორები, მხარს უჭერენ ურთიერთობებში კომუნიკაციას, რაც დიპლომატიაში აბსოლუტურად ბუნებრივია. სხვა მხრივ, დამსწრე საზოგადოებისგან აინტერესებდათ შეფასებები... ამაზე საუბარი იყო და მივაწოდეთ ჩვენი აზრი.
ყველამ ვიცით, რა გვჭირს, ყველანი მოწმეები ვართ რა ხდება ქვეყანაში. თუ საუბარია ევროპასთან გზების აღდგენაზე, ამის წინაპირობა უნდა იყოს ქართული შიდაპოლიტიკური პროცესის "განორმალურება". რაც ხდება იმას უნდა დაერქვას პოლიტიკა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ვინაიდან შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მისი სიტყვებით, ისაუბრეს „ყველა დრაკონულ რუსულ კანონზე“ და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე.
"ვითარება არის ანტიეროვნული, ანტიქართული, ანტიევროპული. ეს ვითარება არის მხოლოდ „ქოცების“ ინტერესში, ეს არ არის არცერთი ქართველის ინტერესში და პირიქით, ყველა ქართველის სოციალური, ეკონომიკური და ევროინტეგრაციული მომავალი არის დაზარალებული“, - თქვა გეგელიამ.
ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პარტია "გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა. მისი სიტყვებით, პარტნიორების თითოეული ვიზიტი მნიშვნელოვანია.
"ჩვენმა პარტნიორებმა საქართველო მარტო არ დატოვონ ამ რთულ დროს", - თქვა ბუჩუკურმა.
შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან
არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის ლევან ნატროშვილის შეხვედრამდე გაკეთებული განცხადებით, დელეგაცია დაინტერესებულია, როგორ აფასებს სამოქალაქო სექტორი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და რა როლი აქვთ მათ ამ პროცესში.
"ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში იმართება ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსაც შეეხება.
თავად დელეგაციის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ფორუმი