Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: ისრაელს ლიბანის დაბომბვა ეკრძალება: "საკმარისია უკვე!"

ფოტო არქივიდან: ბენიამინ ნეთანიაჰუ (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი
ფოტო არქივიდან: ბენიამინ ნეთანიაჰუ (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელს ლიბანის შემდგომი დაბომბვები აუკრძალა. მან აშშ-ის დიდი ხნის მოკავშირის მიმართ უჩვეულოდ მკაცრი ტონი გამოიყენა და აღნიშნა, რომ ირანთან ნებისმიერი ამერიკული შეთანხმება ლიბანის კონფლიქტთან არ არის დაკავშირებული.

"ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს. აშშ-მა
მათ ამის გაკეთება აუკრძალა. საკმარისია უკვე!" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისს ტრამპის განცხადებაზე დაუყოვნებლივ არ უპასუხია, მაგრამ ნეთანიაჰუმ უფრო ადრე თქვა, რომ ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანში "უახლოესი საფრთხისგან" თავდაცვის მიზნით არიან.

ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 16 აპრილს, გრინვიჩის დროით 21:00 საათზე შევიდა. ამან შეაჩერა ბრძოლები, რომლებიც 2 მარტს დაიწყო, როდესაც ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელს ცეცხლი გაუხსნა ირანისთვის აშშ-სა და ისრაელთან ომში მხარდაჭერის ნიშნად, რასაც ისრაელის იერიში მოჰყვა. ლიბანის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელის თავდასხმებს ლიბანის ქალაქებსა და სოფლებზე 2000 ადამიანი ემსხვერპლა.

ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება ირანსა და აშშ-ს შორის არანაირად არ იქნება დაკავშირებული ლიბანთან.


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ზავის დარჩენილ პერიოდში ღია იქნება.
ტრამპმა კი მოგვიანებით დაწერა: "ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასდროს დახურავს. ის აღარ იქნება გამოყენებული იარაღად მსოფლიოს წინააღმდეგ!"
ირანმა მკაცრად უპასუხა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაეიმ გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუ საზღვაო ბლოკადა გაგრძელდა, თეირანი "საჭირო საპასუხო ზომებს" მიიღებდა.

ტრამპმა თქვა, რომ შეთანხმების მისაღწევად დამატებითი მოლაპარაკებები იქნება საჭირო და რომ ეს, "სავარაუდოდ, შაბათ-კვირას" მოხდება. მან დაამატა, რომ შეთანხმების მიღწევის შემდეგ "შეიძლება" ისლამაბადში ჩავიდეს.

აშშ-ის და ისრაელის ომმა ირანის წინააღმდეგ, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, ფაქტობრივად დახურა სრუტე, რომლის გავლითაც, როგორც წესი, მსოფლიო ბაზარზე გადიოდა ნავთობისა და თხევადი გაზის დაახლოებით მეხუთედი.

38-დღიანი ომის შემდეგ, 8 აპრილს ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა; ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ირანში შემავალ და ირანიდან გამომავალ გემებს ბლოკადა დაუწესა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG