Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტენეგრო კიდევ უფრო მიუახლოვდა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას

მონტენეგროს პარლამენტი
მონტენეგროს პარლამენტი

ევროკავშირის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ბრიუსელში 22 აპრილს დაამტკიცეს გადაწყვეტილება, დაიწყოს ევროკავშირში მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ შეთანხმების დამუშავება.

ამით ეს სახელმწიფო კიდევ უფრო მიუახლოვდა პერსპექტივას, რომ გახდეს ბლოკის წევრი. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სხვა ქვეყნებიდან ჯერჯერობით ამ სტადიაზე არც ერთი სხვა არ გადასულა.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ამ გადაწყვეტილებას უწოდა "მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე" და "მკაფიო აღიარება იმ პროგრესისა, რომლის მიღწევაც მონტენეგრომ შეძლო". მისი თქმით, შეთანხმების დამუშავებისას ძველ გამოცდილებას გაითვალისწინებენ და დოკუმენტში უფრო ცხადად ჩაიწერება ევროკავშირში შემავალ ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის გარანტიები.

მონტენეგროს მიულოცეს ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებმაც. ქვეყნის ხელისუფლება გამოთქვამს იმედს, რომ მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანდება არაუგვიანეს 2028 წლისა. ბლოკში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მონტენეგრომ 2010 წელს მიიღო.

ევროკავშირში ასევე განიხილეს შესაძლებლობა, უკრაინას დაჩქარებული წესით გაეხსნას ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივა - რამაც უკმაყოფილება გამოიწვია "რიგში მდგომ" დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებში. გარკვეული ქვეყნების წარმომადგენლებმა მიანიშნეს, რომ უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება ნაკლებად სავარაუდოა. უკრაინა ბლოკში გაწევრიანების კანდიდატია, მაგრამ ამის თაობაზე ჯერ არ დაწყებულა ოფიციალური მოლაპარაკებები. მათ დაწყებას უნგრეთი ბლოკავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG